10.03.2026 19:50
ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, საქართველოს მიმართ უკვე დიდი ხანია, დაახლოებით ოთხ წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს დეზინფორმაციის ღრუბლის შექმნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაადანაშაულონ რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში.
„ახლა თურმე გამოჩნდა, რომ ირანსაც ვეხმარებით, ალბათ ვენესუელასაც ვეხმარებით, ნიკარაგუას და კიდევ არ ვიცი, ვის. ეს ყველაფერი არის იმდენად მდაბიო ხარისხის ტყუილი, მერე თავად უწევთ ხოლმე ამ ყველაფრის უარყოფა და უკან წაღება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო'სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.
ავტორ(ებ)ი :