13.03.2026 00:23
მოგეხსენებათ, რომ მედიას, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, ფუნდამენტური სოციალური დანიშნულება გაქვთ, რასაც დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან. მაუწყებლები მაყურებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენთ, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა და კანონისა და მაყურებლების წინაშე მედიის ვალდებულებებზე ისაუბრა.
გოგა გულორდავას განცხადებით, კომუნიკაციების კომისია, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება, პასუხისმგებელია, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და სტაბილური მედიაგარემო ქვეყანაში. მისივე თქმით, მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, მაყურებლებისთვის, მთელი საზოგადოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი.
„2025 წლის აპრილიდან განხორციელდა ცვლილებები კანონში და რეგულირების ქვეშ მოექცა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის, ასევე ადამიანის ღირსებისა და პირადი ცხოვრების პატივისცემა. თუმცა, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ მაუწყებლობის ქცევის კოდექსი, რომელიც 2009 წელს არის მიღებული, მანამდეც არეგულირებდა და რამე განსაკუთრებულ სიახლესთან ადგილი ამ შემთხვევაში არ გვქონია. და პასუხისმგებლიან მედიას, რომელიც იცავს ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტებს, ამ სტანდარტებით ისედაც უნდა ეხელმძღვანელა. თუმცა სამწუხაროდ, წლების განმავლობაში მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ვერ სრულდებოდა და შესაბამისად, საკანონმდებლო გადაწყვეტილებით ეს შინაარსობრივი რეგულაცია გადავიდა უკვე კანონის მოქმედების სფეროში" - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე ინფორმაციით, კანონში ცვლილებების შემდეგ კომუნიკაციების კომისიამ შეიმუშავა გზამკვლევი, რომელიც მაუწყებლებს შინაარსობრივი რეგულირების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აძლევს, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, კანონის აღსრულების დაწყებამდე შეეცვალათ სარედაქციო პრაქტიკა. ასევე, აღნიშნა, რომ კომისიაში შესული პირველი საჩივრების განხილვის შემდეგ, დარღვევები დადასტურდა, მაგრამ მაუწყებლები გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან.
„კანონის მიღების შემდგომ, კომისიამ შეიმუშავა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებით, რომელმაც ძალიან მკაფიოდ განმარტა, თუ რას ნიშნავს სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, რა არის პატივისა და ღირსების შემლახავი, როგორ უნდა გაიმიჯნოს მოსაზრება ფაქტისგან, ასევე ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუ რაზე გაამახვილებდა კომისია ყურადღებას და რა იქნებოდა შეფასების კრიტერიუმები ამა თუ იმ გადაცდომის აღმოჩენის შემთხვევაში. ნიშანდობლივია, რომ ეს დოკუმენტი მაუწყებლებს დაეგზავნათ გასული წლის, 2025 წლის სექტემბერში, თუმცა, უცნაურად და გასაკვირად, არც ერთ მაუწყებელს შენიშვნა ან კომენტარი არ გამოუთქვამს", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
გულორდავას თქმით, ერთ-ერთი პირველი შეხვედრა სწორედ ტელემაუწყებლებთან გამართა, სადაც მაუწყებლებს თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.
„შევთავაზეთ მედიას, რომ გვემსჯელა ყველა იმ გამოწვევაზე, მათ შორის რეგულაციებთან დაკავშირებით, თუ არსებობდა დამატებით რამე კითხვები, თუ როგორ უნდა შედგეს სარედაქციო პოლიტიკა, რას გულისხმობს კანონი, - მაგრამ, ვერც ამ შეხვედრის შედეგები ვერ მივიღეთ. მიუხედავად საშეღავათო პერიოდის მიცემისა, როგორც უკვე აღვნიშნე, კანონი მიღებულია დაახლოებით ერთი წელია, კომისია, როგორც კანონზე რეაგირების მომხდენი უწყება, ჯერ კიდევ რჩება საჩივრებზე რეაგირების რეჟიმში და არ შესულა შინაარსობრივი რეგულირების ნაწილში", - განაცხადა გულორდავამ.
მისივე ინფორმაციით, კანონის ამოქმედების შემდეგ კომისიამ განიხილა ათამდე საჩივარი, საიდანაც ოთხ საჩივარში დადგინდა დარღვევა, მაგრამ მაუწყებელი გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან; ხუთი საჩივრის შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა; ერთი საჩივარი კი განხილვაშია.
ავტორ(ებ)ი :