16.03.2026 19:48
ყულევის პორტი იდენტიფიცირებული იყო ჩრდილოვანი ფლოტის გემებთან მისი კავშირისა და შეშფოთების გამო, რომ, ის შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის, რაც ჩვენი სანქციების დარღვევას წარმოადგენს. ევროკავშირის წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო ვალდებულება, რომ შეწყდებოდა ევროკავშირისთვის შემაშფოთებელი საქმიანობა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, სიობჰან მაკგარიმ ევროკავშირის მიერ ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემოდა უფლება ქვეყნის პორტებში შესულიყო.
ამასთან, ევროკავშირმა დამატებითი ვალდებულებები მიიღო SOCAR-ისგანაც.
„შემდეგ კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემოდა უფლება მის პორტებში შესულიყო. ასევე, ჩვენ მივიღეთ დამატებითი ვალდებულებები SOCAR-ისგან, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიისგან, რომელიც თავად მართავს პორტს. ამიტომ, ყველა სანქციისა და შესაძლო გვერდის ავლის შემთხვევაში, ჩვენ ვაკვირდებით ამ ვალდებულებების შესრულებას და ჩვენ არ მოვერიდებით რაიმე დამატებითი ზომების მიღებას, თუ დავინახავთ, რომ აქტორები აქტიურად ძირს უთხრიან ჩვენი სანქციების გავლენას. როგორც გასულ კვირას ვთქვი, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი შეწყვეტენ ამ რეექსპორტს და ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო მონიტორინგს, რომ ეს პრაქტიკაში მოხდეს", - განაცხადა მან.
ამასთან, შეკითხვაზე, იგულისხმება თუ არა რეექსპორტში ის, რომ რუსული ნავთობი საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიოდა და შემდეგ ევროკავშირში გადიოდა, სპიკერმა განაცხადა, რომ საქმის ზუსტი დეტალები არ აქვს, თუმცა სავარუდოდ საქართველოში რუსული ნავთობის რეექსპორტი ხდებოდა.
„საქმის დეტალები არ მაქვს, მაგრამ წარმომიდგენია, რომ სწორედ ეს ხდებოდა, რომ რუსული ნავთობი ევროკავშირში ხელახლა ექსპორტირდებოდა", - სიობჰან მაკგარიმ.
ავტორ(ებ)ი :