პრემიერი: მხოლოდ 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, რაც კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა 16.03.2026 23:18

 

მხოლოდ 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, რაც არის კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

გადაცემა "დებატებში" ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის საქმიანობა გახდა გამჭვირვალე და ნებისმიერი ინფორმაცია კორუფციასთან ბრძოლის შესახებ მთავრობის ოფიციალურ გვერდზე დევს.

"2023 წლის ბოლოს გამოვლინდა უკვე გარკვეული არსებითი ფორმით პრობლემები მართვაში კორუფციის კუთხით. მაშინ გაკეთდა განაცხადი ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ერთ-ერთი მთავარი მინიშნება ჩვენს პარტიულ ყრილობაზე გაკეთდა სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. იქიდან მოყოლებული ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ჩვენ შეგვემცირებინა თვისებრივად კორუფციის მასშტაბი ჩვენს ქვეყანაში და პრინციპულად აღმოგვეფხვრა კორუფცია პოლიტიკურ დონეზე, რაც იყო ჩვენი უპირველესი ამოცანა. ეს ყველაფერი გავაკეთეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით.

რა თქმა უნდა, ერთი არის თვითონ სისხლის სამართლებრივი დევნა, გამოძიება. ეს არის მხოლოდ ერთი ასპექტი, თუმცა აქაც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ. 200-ზე მეტი საქმე, რაც არის კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება, მათ შორის იყვნენ სამწუხაროდ, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებიც, თუმცა ეს არ არის ძირითადი ასპექტი კორუფციასთან ბრძოლის. მთავარი არის ის მიდგომები, რომლებიც დამკვიდრდა მართვის სისტემაში, პირველ რიგში გამჭვირვალობის კუთხით იყო სერიოზული პრობლემები. 

თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, როდესაც ჩამოყალიბდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, ეს მოხდა 2024 წლის თებერვალში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პირველივე დღიდან მთავრობის ყველა აქტის გასაჯაროების თაობაზე. მთავრობის საქმიანობა გახდა სრულიად გამჭვირვალე და დღესაც შეგიძლიათ იხილოთ მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ათასობით აქტი, რომელიც არის სრულიად გამჭვირვალე და აბსოლუტურად ღიად შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ინფორმაცია თუ გექნებათ ეჭვები კორუფციასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე მზად ვართ პასუხისთვის", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ