ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ 17.03.2026 00:08

 

200-ზე მეტ პირს შეეხო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს არის საკმაოდ მაღალი სტატისტიკა, როდესაც საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულებს, რაც შეეხება ნარკოდანაშაულებს, 2500-მდე პირია ამ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლოგიკურია კითხვა, რამდენად ეფექტური იყო მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა და ამაზე პასუხია, რომ არ იყო.

„რომ ყოფილიყო ეფექტური მუშაობა, ბუნებრივია, ეს ადამიანები უფრო ადრე იქნებოდნენ დაკავებული და დაპატიმრებული. თუმცა, ამ შემთხვევაში წინ უნდა გავიხედოთ. რაღაც ეტაპზე არ იყო ეფექტური შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა, მიზეზი კორუფცია იყო თუ სხვა რამე იყო, ამას ბუნებრივია, შესაბამისი უწყებები დაადგენენ, მაგრამ რაც შეეხება ეფექტურობას, აქ იყო სერიოზული ჩავარდნა. თუმცა, აქაც წინ ვიხედებით. ისევე, როგორც ნარკოტიკული დანაშაულის შემთხვევაში, მიგრაციაც ხშირად გვიხსენებია. 10 წლის განმავლობაში რამდენიც იყო გაძევებული არალეგალი მიგრანტი, იმდენი არასრულ ერთ წელიწადში გააძევა შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ. ორგანიზებული დანაშაული - აქაც იყო სერიოზული პრობლემები თბილისში, თუმცა არა მარტო. აქაც გადამჭრელი ზომები მიიღო შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ. რაღაც ეტაპზე იყო სერიოზული ჩავარდნები, თუმცა ეს ყველაფერი გამოვასწორეთ შსს-ს ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად და მთავარი ეს არის. ავიღოთ ნებისმიერი თემა, ქოლცენტრი იქნება, ნარკოტიკული დანაშაული თუ ნებისმიერი სხვა თემა, კონკრეტული ფაქტები გვითხარით. რაც შეეხება კონკრეტულ ქოლცენტრს, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტულ დანაშაულთან, რა თქმა უნდა, ეს ქოლცენტრი არ არსებობს. ჩვენი ღიაობა ამით არის გამოხატული - გვითხარით ერთი კონკრეტული ფაქტი და მერე ვნახოთ, გვექნება თუ არა ამ ფაქტზე რეაგირება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, რაც შეეხება სასამართლოს მიმართ ნდობას, სასამართლოს მიმართ ნდობა იზომება სოციოლოგიური კვლევებით და ამ კვლევების თანახმად, მოსახლეობის 50%-ზე მეტი ენდობა საქართველოში სასამართლოს.

„მოიტანეთ ნებისმიერი სასამართლოს საქმე, სადაც გაქვთ კითხვები სამართლიანობასთან დაკავშირებით, ერთად განვიხილოთ და ვიმსჯელოთ. როცა ეს მთელი კამპანიები წამოიწყეს კლანთან დაკავშირებით და ა.შ. მაშინაც ვეუბნებოდით. დარწმუნებული ვარ, პრობლემური საქმეები რა თქმა უნდა, იქნება სასამართლოში, მაგრამ როდესაც ბრალს გვიყენებენ პოლიტიკურად სასამართლოსთან დაკავშირებით, უსამართლობასთან დაკავშირებით, მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, ზეპირად კი ნუ გველაპარაკებით, როგორც აქ მიდის საუბარი, რომ რაღაც ყალბი ბრძოლაა და ა.შ. კონკრეტული საქმეები მოგვიტანეთ, სადაც ფიქრობთ, რომ არასამართლიანად გადაწყდა დავა. ნული საქმე. ამას ხედავს საზოგადოება და ამიტომ არის, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა, მიუხედავად ამხელა შტურმისა, მიუხედავად ამხელა შეტევისა, არის 50%-ზე მაღალი. ეს არის მთავარი, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ - მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. თუ არა და საზოგადოება დაინახავს, რამდენად მართალია ის პროცესი, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ