24.03.2026 16:06
ჰელსინკის კომისიის სხდომა იყო იმ დღეებში, როდესაც საქართველო გლოვობდა. ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინეთ უილსონისგან და ჰელსინკის კომისიის სხვა წევრებისგან, რომლებსაც რომ ჰკითხო, ქართველი ერის გულშემატკივრები არიან და საქართველოზე ფიქრით უთენდებათ და უღამდებათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს: „აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსგან განსხვავებით, ევროპელ ლიდერებს არ მიუსამძიმრებიათ ქართველი ხალხისთვის, საელჩოების დონეზე გაკეთდა განცხადებები, როგორ ხსნით ამ ყველაფერს?"
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფარსია, რასაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან ვხედავთ. ეს არის ჩვეულებრივი ნაყიდი ლობიზმი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოსთან თუ ქართველ ხალხთან რაიმე ემოციურ დამოკიდებულებასთან. შესაძლოა, ვერც კი გაიგეს, რა მოხდა საქართველოში ან გაიგეს და ვერც გაიაზრეს. ევროპაშიც ვიხილეთ სხვადასხვა ანგარიშის წარდგენები და ასე შემდეგ. ამ მწუხარების ჟამს კვლავ იყო თავდასხმა ქართველ ხალხზე. ეს არის, როდესაც ვსაუბრობთ ცივილიზაციურ უფსკრულზე, საითაც დღეს მიაქანებენ ევროპულ ცივილიზაციას. პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანური ღირებულებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც იმყოფებოდნენ სამების ტაძარში როგორც გლოვის დღეებში, ისე დაკრძალვის დღეს და საკუთარი მწუხარება გამოხატეს ამ დანაკარგთან დაკავშირებით.
მეორე მხრივ, ვერ ვნახეთ ვერცერთი ის ევროპელი ლიდერი, რომლებიც უცებ გამოვარდებიან და საქართველოზე კომენტარებს აკეთებენ. ასეთი მწუხარების ჟამს სიტყვები, დრო ვერ მოძებნეს ან, უფრო სწორად, ემოცია ვერ მოძებნეს, რადგან მათ ეს ემოცია არ ესმით. ჩვენი ემოცია, რაც გვაქვს ეკლესიის, პატრიარქის, ნამდვილი ღირებულებების მიმართ, რომელზეც დგას საქართველო და არა იმ ფსევდოღირებულებების მიმართ, რომელზეც დგანან ეს პოლიტიკური ლიდერები. ასე რომ, ესეც დიდი გაკვეთილი იყო ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :