27.03.2026 17:30
მივესალმები, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენლის ვიზიტს შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა, ეხებოდა ორმხრივი ურთიერთობების ნამდვილ საკითხებს და არა გამოგონილ თემებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, წინა ადმინისტრაციის დროს რეალური თანამშრომლობის საკითხები გვერდზე იყო გაწეული, თანამშრომლობის ტესტად იყო აღებული გამოგონილი იდეოლოგიების მიმართ ერთგულება.
„წინა ადმინისტრაციის დროს იყო თითქოს გენდერული იდენტობის საკითხებია მთავარი, რაც ქართველ და ამერიკელ ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს, თითქოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დგას იმაზე, აღიარებს თუ არა საქართველო კაცს ქალად და ქალს - კაცად. წინა ადმინისტრაციას ამ დონეზე ჰქონდა დაყენებული საკითხი და, სამწუხაროდ, ბრიუსელსაც ამ დონეზე აქვს დაყენებული. რეალური თანამშრომლობის საკითხები გვერდზე იყო გაწეული, თანამშრომლობის ტესტად იყო აღებული გამოგონილი იდეოლოგიების მიმართ ერთგულება. მივესალმები, რომ ასე საქმიანად და შინაარსობრივად უყურებენ. ნახეთ, ეს ვიზიტი ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა და იმ ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება და არა რაღაც გამოგონილ ყალბ, ცრუ რაღაც იდეალებზე, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. ამ ყველაფერს იგონებენ იმისთვის, რომ პატარა ქვეყნებს თავს მოახვიონ და დაიმორჩილონ. იმედით ვუყურებთ, მათ შორის, ამ ვიზიტის შედეგსაც. მეორე მხრივ, ჩვენ უფრო მაღალ ტემპს ვისურვებდით სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გზაზე. ყოველ შემთხვევაში, ამისკენ მოწადინებულები ვართ. დანარჩენი ყველაფერი ამერიკის ადმინისტრაციის ხელშია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :