31.03.2026 12:16
ირაკლი კობახიძესა და მარკო რუბიოს საუბარზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ვიდრე შინაარსი არ გვეცოდინება, დიდი ალბათობაა, საუბარი ირანის თემას შეეხებოდა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ ყველას ელაპარაკება, თუმცა მთავარი საუბრის შინაარსია.
„ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ვიდრე საუბრის შინაარსი არ გვეცოდინება. ის ინფორმაცია რაც გავრცელდა, საკმაოდ მწირია. დიდი ალბათობაა , რომ საუბარი ირანის თემას შეეხებოდა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. თუმცა დანარჩენს დრო გამოაჩენს. საუბრის და დიალოგის შეფუთვა და წარმოჩენა ლეგიტიმაციად სერიოზული არ არის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველას ელაპარაკება, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მთავარია ჩვენ საუბრის შინაარსი ვიცოდეთ.
ვერც იმას გეტყვით, რომ ეს შეიძლება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის დასაწყისია. დრო ყველაფერს გამოაჩენს. ჩვენ არ ვიცით, რეალურად რა გზავნილები იყო გახმოვანებული ამერიკის სახელმწიფო მდივნის მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არ ვიცით და ვიდრე არ გვეცოდინება ძალიან რთულია ამაზე რამე სერიოზული კომენტარის გაკეთება. უნდა დაველოდოთ, დრო გამოაჩენს, ამ საუბრის შინაარსი „ქართული ოცნების" ქმედებებში გამოჩნდება", - განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. დეპარტამენტის ცნობით, „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება".
ამასთან, ირაკლი კობახიძემ მარკო რუბიოსთან საუბრის შესახებ აღნიშნა: „მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა".
ავტორ(ებ)ი :