31.03.2026 15:35
1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა, რომ საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ უძვირფასეს მემკვიდრეობას, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი და განვაგრძოთ სვლა კიდევ უფრო ძლიერი, ღირსეული და ერთიანი საქართველოს მშენებლობისკენ, სადაც საკუთარ ბედს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი განაგებს.
„ჩვენს ისტორიას იშვიათად თუ ახსოვს ერის ასეთი ერთიანობა და საერთო ღირებულებების ირგვლივ ერთსულოვნად შეკრული საზოგადოება.
დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის შედეგები იქცა სუვერენული საქართველოს ურყევ სამართლებრივ საძირკვლად, რომელზეც, უკვე 35 წელია, ჩვენს სახელმწიფოებრიობას ვაშენებთ.
ჩვენ უნდა დავიცვათ ის უდიდესი მონაპოვარი, რომლისთვისაც წინაპრები თაობების განმავლობაში იბრძოდნენ. ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ იმ უძვირფასეს მემკვიდრეობას, რომელმაც ჩვენი დღევანდელობა განსაზღვრა, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი და განვაგრძოთ სვლა კიდევ უფრო ძლიერი, ღირსეული და ერთიანი საქართველოს მშენებლობისკენ, სადაც საკუთარ ბედს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი განაგებს", - წერს ყაველაშვილი.
ავტორ(ებ)ი :