ამერიკული მხარე აპრილშიც გეგმავს ჯგუფის გამოგზავნას, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რის შემდეგაც გამოიკვეთება საერთო ინტერესები -ლევან მახაშვილი 04.04.2026 16:45

ამერიკული მხარე, როგორც აქამდე განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი, აპრილშიც გეგმავს ცალკე ჯგუფის გამოგზავნას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს საქართველოში მიმდინარე პროცესები, რის შემდეგაც გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები და გამოიკვეთება საერთო ინტერესები, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული ვიზიტისა და შეხვედრის შედეგად მხარეები ეტაპობრივად, კონკრეტული დღის წესრიგით ცდილობენ ურთიერთობების თავიდან, ნულიდან აღდგენას.

„განცხადებები და გამოხმაურება უკავშირდება იმ შეხვედრებსა და ვიზიტებს, რომლებიც ჩემს კოლეგებს აშშ-ში ჰქონდათ, მათ შორის როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წარმომადგენლებს. ასევე მნიშვნელოვანია ზარი, რომელიც შედგა პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის. ამერიკული მხარის პოზიციაა, რომ, როგორც აქამდე განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი, აპრილშიც გეგმავენ ცალკე ჯგუფის გამოგზავნას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს საქართველოში მიმდინარე პროცესები, რის შემდეგაც გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები და გამოიკვეთება საერთო ინტერესები. საზოგადოება ხედავს, რომ თითოეული ვიზიტისა და შეხვედრის შედეგად ეტაპობრივად, კონკრეტული დღის წესრიგით ვცდილობთ ურთიერთობების თავიდან, ნულიდან აღდგენას. სწორედ ამ პროცესს აკვირდება საზოგადოება. ამასთან, საზოგადოებაში ისმის გარკვეული წუხილებიც, ხომ არ არსებობს რაიმე ფარული დღის წესრიგი ამ პროცესის მიღმა. თუმცა მსურს, დავარწმუნო საზოგადოება, და მათ ეს აქამდეც ნახეს, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი ყოველთვის ნაკარნახევი იყო საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის თუ სხვა ნებისმიერ პარტნიორთან თანამშრომლობის მთავარი ამოსავალი წერტილი ყოველთვის იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესები.

„ჩვენი ინტერესები სადაც დაემთხვევა ამერიკის ინტერესებს, რა თქმა უნდა, ამ საერთო საფუძველზე წინ წავიწევთ. თუმცა, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ურთიერთობების გადატვირთვას ნებისმიერ ფასად არ ვაპირებთ. მთავარი პრიორიტეტებია საქართველოში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება. სწორედ ამ ინტერესების გარშემო სადაც დავინახავთ საერთო ინტერესს აშშ-თან, გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ