06.04.2026 23:15
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაძლებლობა ექნება, ბინადრობის ნებართვის საკითხის განხილვისას, უცხოელის გაძევებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია წერილობითი ფორმის გარდა, ელექტრონული ფორმითაც მიიღოს.
შესაბამისი ცვლილებები - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში შედის, რომლის ინიცირება დღეს მოხდა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ეს მეთოდი უწყებებს შორის ინფორმაციის მიწოდებას გაამარტივებს, რაც ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცედურას ეფექტიანს გახდის.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით ზუსტდება, თუ ვის შეუძლია, შრომითი ბინადრობის ნებართვა მოიპოვოს. კანონპროექტში ნათქვამია, რომ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა შესაძლებელი იქნება იმ პირებზეც, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომელზეც „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
ასევე, პროექტით განისაზღვრება, რომ შესაბამისი პირი შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტაციას.
ავტორ(ებ)ი :