14.04.2026 17:14
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრისას რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობას, პროტესტის შედეგად დაკავებული ადამიანების მდგომარეობას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრაზე ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მათ სამომავლო შედეგებზე ისაუბრეს.
„ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრა შეეხებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში. აინტერესებდა, მათ შორის, მე, როგორც სახალხო დამცველი, რა პროცესში ვარ ჩართული. ასევე საუბარი იყო იმ ანგარიშის შესახებ, რომელიც პარლამენტში წარვადგინეთ. რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას, პროტესტის შედეგად დაკავებული ადამიანების მდგომარეობას, ვინც ახლა საპატიმროში არიან. ამავე დროს დაისვა კითხვები, არის თუ არა ვინმე პასუხისგებაში მიცემული, ვინც შეიძლება იყოს დამნაშავე იმ ადამიანების ცემაში, ვინც იმ პერიოდში იყვნენ ნაცემი. ერთ-ერთი საკითხი იყო ზოგადად ორგანიზაციების მდგომარეობა საქართველოში. ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტში იქნა მიღებული და ა.შ. ამის ირგვლივ იყო ძირითადად საუბარი. ძალიან კარგი შეხვედრა იყო და იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც უკვე ორი წელია მაკავშირებს ბატონ ო'ფლაერტთან, კარგად გაგრძელდება", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ბოლო ერთ წელში საქართველოში მეორეჯერ ჩამოსვლა, იოსელიანმა განაცხადა, რომ ვიზიტების სიხშირე სწორია, რადგან ადამიანის უფლებები კომისრისთვის მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, რომ სწორია. ყოველ წელსაც რომ ჩამოვიდეს აუცილებელი არის, რადგან ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, და არამარტო, მისთვის მნიშვნელოვანია. ის აქედან მიდის სხვა ქვეყნებში, სადაც ასევე აქვს ანალოგიურ საკითხებზე შეხვედრები. ყოველ შემთხვევაში, მე მოხარული ვარ, როცა ის ჩამოდის. როცა მე ჩავდივარ სტრასბურგში, ყოველთვის ვცდილობ, რომ მას შევხვდე და ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც საერთოა ჩვენთვის - ადამიანის უფლებების ძირითად გამოწვევებზე, პრობლემებზე და ა.შ." - აღნიშნა იოსელიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ისაუბრა თუ არა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან დაკავებული პოლიტიკოსების საქმეებზე, იოსელიანმა აღნიშნა, რომ კონკრეტული საქმეები არ განუხილავს, თუმცა მაიკლ ო'ფლაერტი მზია ამაღლობელის მდგომარეობით დაინტერესდა.
„ზოგადად ყველაფერზე იყო საუბარი. კონკრეტულ საქმეებზე არ გვისაუბრია, მაგრამ აინტერესებდა მათი მდგომარეობა. მათ შორის, მზია ამაღლობელის მდგომარეობა. დაინტერესდა საპატიმროში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. აბსოლუტურად ყველაფერზე მივაწოდეთ ინფორმაცია, რაშიც ვართ ჩვენ ჩართული, რის ირგვლივაც ჩვენ გვიმუშავია და ვაგრძელებთ მუშაობას.
რეკომენდაციების ირგვლივ ჩემთან არ უსაუბრია. ამაზე ალბათ საუბარი ექნება იმათთან, ვინც უნდა აღასრულოს ეს რეკომენდაციები. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საკანონმდებლო ცვლილებები, გრანტების შესახებ კანონი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც მე გავასაჩივრე საკონსტიტუციო სასამართლოში და ეუთო/ოდირ-ის დასკვნაც დავურთე. საუბარი ასევე შეეხებოდა ზოგად მდგომარეობას, რაც ამ ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს, მოჰყვა და პერსპექტივაში რა შეიძლება იყოს ამის შედეგი", - განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში შეხვედრებს მართავს. მან პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.
ავტორ(ებ)ი :