14.04.2026 18:25
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საკითხი განსახილველად ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
„მისი განმარტებით, „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება, მართვა და აღრიცხვა, თუმცა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჭიროა უფრო დიფერენცირებული მიდგომის დანერგვა შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობისა და სპეციფიკის მიხედვით და გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობების ცალკე სპეციალურ რეჟიმში მოქცევა.
„წარმოდგენილი ცვლილებების მთავარი მიზანია პროცესების გამარტივება და მათი ადაპტაცია თანამედროვე შრომის ბაზრის სტანდარტებთან, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოზიდვას და შედეგობრივად, ბიზნესგარემოს უფრო მოქნილს და კონკურენტუნარიანს გახდის", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
კანონპროექტის თანახმად, „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონის მოქმედება არ გავრცელდება აგრეთვე იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი: არის საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; საქართველოში ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ ახორციელებს საქმიანობას; შრომით საქმიანობას სრულად ადგილობრივი დამსაქმებლისთვის დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს; შრომით საქმიანობას/მომსახურების გაწევას არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ ახორციელებს და შრომითი საქმიანობა/მომსახურების გაწევა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას.
გარდა ამისა, კანონის პროექტით „შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონს ემატება ახალი ნორმა, რომლის თანახმადაც, უცხოელს უფლება ექნება საქართველოში განახორციელოს მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის გარეშე, თუ აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება დროებითი ვიზიტის ფარგლებში, არ წარმოადგენს ხანგრძლივ დასაქმებას ადგილობრივ შრომის ბაზარზე და დაკავშირებულია კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :