14.04.2026 22:11
პეტერ მადიარმა გააკეთა ის, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ვერ შევძელით, უნგრელ ხალხს დაანახა, რომ სინამდვილეში ის კი არ იყო ანტიქრისტე და ურწმუნო, ტრადიციულ ღირებულელბებთან მებრძოლი, არამედ, პირიქით, ორბანი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნება" საუბრობს, თითქოს იცავს ენას, მამულს, სარწმუნოებას, სინამდვილეში კი იშლება ჩვენი ეროვნული იდენტობა ყველა თვალსაზრისით.
თინა ბოკუჩავას შეფასებით, ოპოზიციაში, შესაძლოა, არის ერთობლივი მესიჯის პრობლემა, ოპოზიცია არ ცდილობს, შევიდეს ამ მოედანზე და საქართველოს მოქალაქეებს აჩვენოს, რომ არ არიან უღმერთოები და ურწმუნოები.
„მადიარმა ძალიან სწორი კამპანია და პოზიციონირება აირჩია. ის ძალიან ხშირად დადიოდა, მაგალითად, უნგრულ, ეროვნულ სამოსში. პრაქტიკულად მუდმივად, ყველა გამოსვლაზე, მათ შორის საპროტესტო აქციებზე, და არამხოლოდ კლიპებში, აბსოლუტურად ყველგან ფიგურირებდა დროშით. რისი თქმა მინდა, იცით? ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ საკმარისად არ ვაკეთებთ. ეს ეროვნული თემები და ეროვნული ღირებულებითი იდენტობა თითქოსდა რაღაცნაირად მიიტაცა რუსულმა ოცნებამ, რაც მართლა წარმოუდგენელია. ამას ცდილობდა ორბანი, ოღონდ მადიარმა გააკეთა ის, რაც ჩვენ დღემდე, სამწუხაროდ, ვერ შევძელით - და, ჩემი აზრით, გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა მოვახდინოთ ამაში - მან უნგრელ ხალხს დაანახა, რომ სინამდვილეში ის კი არ იყო ანტიქრისტე და ურწმუნო, ტრადიციულ ღირებულელებთან მებრძოლი, არამედ, პირიქით, ორბანი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი იყო ბავშვებზე, არასრულწლოვნებზე ძალადობის სკანდალი. ამან შეიწირა, მათ შორის, მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო მანამდე. ანუ, საკუთარ მეუღლესაც კი საჯაროდ დაუპირისპირდა და გზავნილი იყო უნგრელებისთვის, რომ ამაზეც კი მზად არის ეს ადამიანი. უკომპრომისობას ავლენდა, მათ შორის, ამ მოედანზე, რომლის მონოპოლიზებაც მანამდე შეძლო ორბანმა და იმავეს აკეთებს რუსული ოცნება. გამოვიდა კობახიძე და სრული პარაზიტირება, თითქოს ისინი იცავენ ენას, მამულს და სარწმუნოებას. ოღონდ აქ არიან წარმოუდგენლად ფარისევლები, აბსოლუტურად ყველგან, რასაც არ უნდა გავყვეთ. მართლა იშლება ჩვენი ეროვნული იდენტობა, ყველა თვალსაზრისით, ენა, მამული, სარწმუნოების თვალსაზრისითაც, მათ შორის, და უმეტესწილად, რაც საუკუნეების მანძილზე ჩვენთვის ყველაზე წმინდა ღირებულებები იყო, რისთვისაც ამდენი თაობა იბრძოდა. სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, აქაც რაღაცნაირად ერთობლივი მესიჯის პრობლემაც შეიძლება არის ხოლმე, რომ ჩვენ არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, არა, მე არ ვარ უღმერთო და ურწმუნო, ნამდვილად, ეკლესიაშიც დავდივარ, აღსარებასაც ამბობ, მამაოც შეიძლება გყავდეს, კონკრეტული ეკლესიის მრევლიც იყო და არანაირად არ უნდა მისცე საშუალება მართლა უღმერთო, ყოველგვარი სულიერებისგან და ღმერთისგან დაცლილ, ჩემი აზრით, კერპთაყვანისმცელობისკენ მიდრეკილ ივანიშვილს, რომელიც ხეებში, ქვებში და ათასგვარ ურჯულობაში პოულობს შვებას, მოახდინოს ისეთი რაღაცების მონოპოლიზება, რაც ჩვენთვის მართლა ძვირფასია. შეიძლება, ძალიან პირადია და ჩვენ ამის აფიშირება არ გვინდა, მაგრამ მაშინ, როდესაც ასეთ მონსტრს ებრძვი და ის ცდილობს, ასეთი თემების მანიპულირებით, ამაზე პარაზიტირებით გაიძლიეროს, გაიმაგროს ხელისუფლება, რათა შემდეგ დაიმონოს მთელი ქვეყანა, შენც გიწევს, ახლა თუ პოლიტიკოსი ხარ და საჯარო სივრცეში გიწევს ოპერირება, კი, ჩვენც უნდა შევიდეთ, ოღონდ სიმართლე ვთქვათ მათგან განსხვავებით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ავტორ(ებ)ი :