მაკა ბოჭორიშვილი - ვერავინ დამაჯერებს, საქართველო ჩვენზე მეტად უყვართ, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბევრი სხვა უწყება დაძინების გარეშე შრომობს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა 15.04.2026 15:13

ამ ძალიან რთულ მოცემულობაში ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, ქვეყანა დაგვეცვა უბედურებისგან, ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, რაც არ იყო მარტივი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, არ შეიძლება, ჩვენი განცხადებებით და ნაბიჯებით ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ისედაც საკმარისად აქვს უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები, მეტი საფრთხე შევუქმნათ.

მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მოიქცეოდა ისე, როგორც იქცევა „ქართული ოცნების" ხელისუფლება.

„ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენს ქვეყანას აქვს უსაფრთხოების გამორჩეული გამოწვევები, ისეთი გამოწვევები აქვს, როგორიც არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს დღეს. ამ პირობებში ნებისმიერი მოქმედების, ნებისმიერი განცხადების, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის დროს გვმართებს, სულ მცირე, ორჯერ უფრო მეტი ფიქრი, თუ მეტჯერ არა, ვიდრე სხვა ქვეყნების შემთხვევაში, ვიდრე სხვა ვითარების შემთხვევაში. ჩვენ ბევრად უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ, მით უმეტეს, მანიპულაციურად და კიდევ უფრო დამახინჯებულად რაღაც ფაქტების წარმოჩენაზე, ვიდრე თქვენ ხართ დღეს. უბრალოდ არ შეიძლება, ჩვენი განცხადებებით, ჩვენი ნაბიჯებით ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ისედაც საკმარისად აქვს გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით, კიდევ უფრო დავუმატოთ და მეტი საფრთხე შევუქმნათ.

ლეგიტიმური პარლამენტის მიერ ლეგიტიმური უფლების გამოყენების - საქართველოს და საქართველოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული კანონების გამო ისჯება ჩვენი ქვეყანა. კანონის მიღება ნებისმიერ ქვეყანაში არის სრულიად ნორმალური საქმიანობა. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში აღმოჩნდა არჩეული პარლამენტის მიერ ლეგიტიმური უფლებამოსილების გამოყენება და კანონის მიღება ასეთი დამანგრეველი რამ ურთიერთობებში. მეც ვიყავი, მათ შორის, ვინც ამ კანონებს მისცა ხმა, როდესაც აქ, ამ ოთახში ვიჯექი და განვიხილავდით იმ კანონებს, რომლებიც, დღესაც ღრმად მწამს, სჭირდებოდა და სჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. დღესაც ზუსტად ისევე მივიღებდი მონაწილეობას ამ პროცესში, რა პროცესიც მაშინ მიდიოდა, რათა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა იყოს თავისუფალი საგარეო ჩარევებისგან, რადგან ამას არაფერი კარგი არ მოაქვს, და ჩვენს ქვეყანაში უცხოური გავლენები იყოს გამჭვირვალე. რომ გვიმტკიცებენ, ქართველი ხალხი, საქართველო ჩემზე და თქვენზე მეტად უყვართ, მე ამის არ მჯერა, ვერავინ დამაჯერებს უბრალოდ. ვერც ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ - არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების - რომელიმე პარლამენტარს, აქტორს აქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მე და თქვენ ჩვენი ქვეყნის წინაშე. შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა ამ ძალიან რთულ მოცემულობაში იყო, პირველ რიგში, ის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა უბედურებისგან, ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, რაც არ იყო მარტივი ამოცანა. არც დღეს არის მარტივი ამოცანა. ყოველდღიურად, ყოველწუთიერად, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ ბევრი სხვა უწყება დაძინების გარეშე შრომობს, რათა ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ეს არის რეალური გამოწვევა ჩვენთვის, რეალურად არის საფრთხეები და რეალურად გვიწევს ამ საფრთხეებთან ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება და შრომა. თქვენ თუ ამას ვერ ხედავთ, ძალიან ცუდია, თუმცა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს და ეს აისახება სწორედ მათ მხარდაჭერაში, რაც ნამდვილად ზურგს უმაგრებს „ქართული ოცნების" ხელისუფლებას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ