15.04.2026 16:19
„ქართული ოცნება" თავისი შინაარსით ანტიქრისტიანული, ათი მცნების მგმობელი, სამარცხვინო და ფარისევლების გაერთიანებაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა ისაუბროს იმაზე, რომ „ქართული ოცნება" ფსევდოქრისტიანული ღირებულებების მატარებელია.
„ჩემი აზრით, მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, არის საუბარი, თუ როგორი ფარისეველია „ქართული ოცნება", ფსევდოქრისტიანული ღირებულებების მატარებელი, გელათის დამტბორავი ხელისუფლება, რომელიც არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვით გამოირჩევა, არც ქრისტიანული მორალით და, მით უმეტეს, ღირებულებებით. შესაბამისად, მთავარი აქცენტი, რაც მე პირადად მაქვს, არის ის რომ „ქართული ოცნება" თავისი შინაარსით ანტიქრისტიანული, ათი მცნების მგმობელი, სამარცხვინო და ფარისევლების გაერთიანებაა", - აღნიშნა სანიკიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ცდილობს თუ არა ოპოზიცია საზოგადოების ნდობის მისაღებად რელიგია გამოიყენოს, სანიკიძემ აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ცდილობდნენ, თავი მორწმუნეებად წარმოედგინათ.
„ვფიქრობ, მთელმა საქართველომ კარგად ნახა, კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დროს როგორ იქცეოდა „ქართული ოცნება", რომელიც სამმეტრიანი სანთლებით და დრონით იღებდა ვიდეოს, რომ იქნებ ქართველებს ერწმუნათ მათი ქრისტიანობის. მგონია, რომ ამ ფარისევლებს ქრისტიანობაზე საუბრის უფლებაც არ უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა სანიკიძემ.
ავტორ(ებ)ი :