15.04.2026 17:14
ყველა რეიტინგი როცა მიუთითებს, რომ საქართველო ასწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას იმ პარამეტრებში, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია, ამ რეალობაში აგრესიული პოზიციით ხელისუფლების მიმართ გალაშქრება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა აშკარად აჩვენებდა იმას, რომ პოლიტიკური სპეკულაცია ჩვენი ოპონენტებისთვის უცხო არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„საოცრებაა, რომ საქართველოს მოქალაქეს, მით უმეტეს, პარლამენტის წევრს, რეალურად არ ესმოდეს, რაშია საქმე. რა სურს ბრიუსელის ბიუროკრატიას საქართველოსგან, რა მოთხოვნები აქვს მის მიმართ და შესაძლებელია თუ არა ევროკავშირის მხრიდან წარმოდგენილი საკითხების შესრულება, თითქოს შემდგომი პროცესის გაგრძელება დამოკიდებული იყოს იმაზე, იქნება თუ არა საქართველოში ფულის შემოდინება გამჭვირვალე ან დაშვებული იქნება თუ არა ლგბტ პროპაგანდა, მაშინ როცა ზუსტად იციან, რომ ეს საკითხები ადამიანის უფლებებს არანაირად არ ეხება; ასევე, უნდა შეიცვალოს თუ არა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, მაგალითად, ჩინეთთან მიმართებით, მაშინ როცა თავად ევროკავშირი საკმაოდ ინტენსიურად არის ჩართული ამ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
ორმაგი სტანდარტი და, ხშირ შემთხვევაში, განზრახ არასერიოზული და ნეგატიური დამოკიდებულება აისახება იმ ურთიერთობაში, რაც არსებობს ბრიუსელის ადმინისტრაციას, ბიუროკრატიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ამ ორმაგ სტანდარტსა და უსამართლობას რომ ვერ ხედავდე, ამას მოხერხება სჭირდება. ეს ჩვენმა ოპონენტებმა მოახერხეს და შესაბამისი შეკითხვებიც დაუსვეს მაკა ბოჭორიშვილს, თითქოს ჩვენ შევწყვიტეთ ევროპისკენ სვლა, მაშინ როდესაც ყველა მაჩვენებელი და რეიტინგი მიუთითებს, რომ საქართველო სწორედაც რომ ასწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას იმ პარამეტრებში, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია. ამ რეალობაში ასეთი შეკითხვები და აგრესიული პოზიციით ხელისუფლების მიმართ გალაშქრება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა აშკარად აჩვენებდა იმას, რომ პოლიტიკური სპეკულაცია ჩვენი ოპონენტებისთვის უცხო არ არის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორ(ებ)ი :