15.04.2026 17:38
ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია და სხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების თანამონაწილე ხდებიან.
„შეხედავენ ვენესუელას და ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, უკრაინელებს შეხედავენ და ხდებიან უკრაინელები და ა.შ. ისინი მოწყვეტილი არიან თავის ქვეყანას, თავის ამომრჩევლებს და არიან ჯგუფი, რომელიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს. თავი ჰგონიათ კინოში, უყურებენ ყველაფერს, რაც გარეთ ხდება, როგორც კინოს და თავს თვლიან ამ კინოს მონაწილეებად. ისინი მონაწილე არიან ხოლმე იმ პროცესების, რომლებიც სხვა ქვეყანაში ხდება. მათ სჭირთ გარკვეული სახის აშლილობა, იმ მხრივ, რომ ისინი ხდებიან თანამონაწილენი სხვაგან მიმდინარე პროცესებისა და წყდებიან იმ რეალობას, რომელიც არის. ამდენი წელია, ვერ მიხვდნენ, რომ ეს არ არის ის გზა, რომლითაც ამომრჩევლის გულს იგებენ. ისინი უბრალოდ მორიგ სერიას უყურებენ. ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, სადაც საპარლამენტო არჩევნების გზით ოპოზიციამ გაიმარჯვა. წინა სერიაში, ვენესუელაში მოხდა გარე ჩარევით პრეზიდენტის გაყვანა ქვეყნის მიღმა და მაშინ იმ სცენარის მომხრეები იყვნენ. უბრალოდ ამ სერიალს უყურებენ, ამჯერად ეს სეზონია მათთვის. სხვაგან მოხდება სხვა რაღაც და ისე გადაეწყობიან. მათ საკუთარი დღის წესრიგი, აზრი, პოლიტიკა არ აქვთ, არიან სხვაზე დამოკიდებული და სხვას აყოლილი ჯგუფი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :