,,ოპოზიციის ალიანსი'' მკვდარშობილი გაერთიანებაა, ერთმანეთი მართლა ეზიზღებათ - თენგიზ შარმანაშვილი 21.04.2026 12:50

 

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ "ოპოზიციის ალიანსი" მკვდარშობილი გაერთიანებაა. მისი შეფასებით, აღნიშნული ოპოზიციონერები პიროვნულად შეუთავსებელი ხალხია.

"აინშტაინს აქვს ნათქვამი, ოღონდ, ეს ფიზიკის კვლევებისთვის გამოიყენა, მაგრამ პოლიტიკაშიც გამოდგება, როდესაც ერთსა და იმავეს აკეთებ იმ იმედით, რომ სხვა შედეგი დადგება, სულელი ხარო.

ეს მკვდარშობილი გაერთიანებაა. ეს ლამაზი ტერმინი კი არ არის, მართლა მკვდარშობილი გაერთიანებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები თავიდან ერთ ორგანიზაციაში იყვნენ და საქართველო ერთად მიიყვანეს კატასტროფამდე, პიროვნულად შეუთავსებელი ხალხია. მაშინ, თავზე ერთი დიქტატორი აჯდათ და იმ დიქტატორს შეეძლო, ესენი რაღაცნაირად ერთგულად ჰყოლოდა. ახლა დამოუკიდებლად ერთმანეთთან ვერ მივიდოდნენ, რადგან ერთმანეთი მართლა ეზიზღებათ, შეუთავსებელი ხალხია. შეიძლება, ჩემზე, პიარულად თქვან უფრო ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღებათ," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა სხვა პარტია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ემიჯნება, რომელშიც ის ოპოზიციას აკრიტიკებს. ექსპრეზიდენტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ქართველების გზა რევოლუციაა, ოპოზიცია კომფორტულ ტელესტუდიებსა და "Facebook-ბაბლს" არ სცდება, ხალხთან კავშირს ვერ ამყარებს, მათი არჩეული ლოზუნგების პოლიტიკა კი კრახით სრულდება.

ალიანსში შემავალი 8 პარტია სააკაშვილის განცხადებას პერსონალურ თავდასხმად აფასებს და ახსენებს, რომ არავის არ აქვს უფლება თავი ერთპიროვნულ ლიდერად გამოაცხადოს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ეს პოზიცია ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ