21.04.2026 13:59
სტატუსში იყო ისტორიული ფაქტის კონსტატაცია, საუბარი წარსულზე. არავის მიმართ კონფრონტაციული არ ყოფილა, მათ შორის სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის ფეისბუქსტატუსთან დაკავშირებით კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
ფავლენიშვილს ასევე კითხვა დაუსვეს აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებით „ოპოზიციის ალიანსში" შემავალი რვა პარტიის განცხადებაზე. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა" ამ განცხადებას და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სტრატეგიაზე ვერ თანხმდებიან?"
„სტრატეგია არაფერ შუაშია, სტატუსი სტრატეგიასთან კავშირში არ არის. უბრალოდ, ჩვენ ვერ დავეთანხმებით, რომ სტატუსი იყო კონფრონტაციული ხასიათის. კონფრონტაციული ხასიათის მატარებელი არ ყოფილა არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ. დამატებითაც დაწერა სტატუსი სააკაშვილმა, სადაც მათ შორის ამაზე იყო საუბარი. მან უბრალოდ წარსული შეაფასა და აწმყოში შეთანხმებული ვართ ურთიერთთანამშრომლობაზე, რომ ერთობლივად უნდა ვიბრძოლოთ ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის, მათ შორის, სააკაშვილის ცალსახა, მკაფიო პოზიცია. სტატუსი იყო სარეკომენდაციო ხასიათის, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ჩაწვდნენ ალიანსში ჩვენი პარტნიორები. „ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი შენიშვნა, სხვა მოსაზრება არ აქვს ამ სტატუსთან დაკავშირებით. ის იყო ისტორიული ფაქტების კონსტატაცია და კეთილგანწყობილი რჩევა, რომ ყველა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უფრო მეტი იაროს ქვეყნის მასშტაბით, უფრო მეტად ჰქონდეს კავშირი მოქალაქეებთან", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია, ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე".
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ოპოზიციის ალიანსში" შემავალი რვა პარტია: „არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად".
ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2 მარტს „ოპოზიციური ალიანსის" შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც შედიან: „ახალი", „გირჩი", „დროა", „ევროპული საქართველო", „ნაციონალური მოძრაობა", „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", „თავისუფლების მოედანი", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ფედერალისტები".
ავტორ(ებ)ი :