მიხეილ სარჯველაძე: მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება 21.04.2026 14:50

 

საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, სამინისტრო ინტენსიურად გააგრძელებს ამ მუშაობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას მკურნალობის ეფექტიანობის გასაზრდელადაც და ყველა სხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ თემაზე გამართულ ერთ-ერთ ბოლოდროინდელ შეხვედრაზე დაფიქსირებული ხისტი პოზიციისა - ან წამალი, ან არაფერი, ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ მუშაობას პაციენტთა ნაწილთან და მათი ოჯახის წევრებთან, ვისთვისაც აღნიშნულის მიღმაც მნიშვნელოვანია სხვა ყოველდღიური საჭიროებები. ვემუშავებით ასევე დარგის სპეციალისტებს. სამინისტრო ინტენსიურად გააგრძელებს ამ მუშაობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას მკურნალობის ეფექტიანობის გასაზრდელადაც და ყველა სხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

რამდენადაც ინტერესი მაღალია, ამიერიდან, საზოგადოებას პერმანენტულად მივაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი სიახლის შესახებ, მათ შორის და მაგალითად, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება", - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

მარეგულირებელი ორგანოები მედიკამენტის პრაქტიკაში გამოყენებისას ბავშვების გარდაცვალების შემთხვევებს სწავლობენ, ასევე, ცალკეული მედიკამენტების ეფექტურობას ვერ ადასტურებენ. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კითხვებზე პასუხების საჭიროების გამო, ევროპული სახელმწიფოები ამ ეტაპზე თავს იკავებენ გადაწყვეტილების მიღებისგან.


„ძალიან მნიშვნელოვანი თემების გარკვევის საჭიროებაზეა საუბარი და, აქედან გამომდინარე, ახლა ამ ეტაპზე - ზუსტად ან თუნდაც მიახლოებით, იმის თქმა და პროგნოზის გაკეთება - რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი, ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA, ბევრი სხვა ისეთი დაწესებულება, რომელსაც, ერთმნიშვნელოვნად, გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს კვლევითი და ბევრი სხვა მიმართულებით, ვიდრე საქართველოს შეიძლება ჰქონდეს. ამიტომაც არის ლოგიკური, რომ ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას ისეთ ფაქტორებს - თუ როგორია პრაქტიკა მედიკამენტის გამოყენებისა განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოში, თუმცა ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას და კომუნიკაციას შესაბამის დაწესებულებებთან, რომ მაქსიმალურად მეტი, რაც შეიძლება სწრაფად მიღებული პასუხები გვქონდეს კითხვებზე. ზუსტი თარიღების დასახელება მე, სამწუხაროდ, არ ხელმეწიფება" - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ