კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი 21.04.2026 23:50

საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შეჩერების ნიშნებს, მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ ქვეყანამ უნდა შეცვალოს კურსი, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტერიალზე ხაზი გაესვა ევროპის ინტერესს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ.

„მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროპას სტრატეგიული ინტერესი აქვს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ. სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში პროგრესი რეგიონისთვის რეალური შესაძლებლობაა და ევროკავშირი მნიშვნელოვნად აძლიერებს თავის მხარდაჭერას.

დღეს მინისტრები შეთანხმდნენ სომხეთისთვის ევროკავშირის ახალი სამოქალაქო მისიის შექმნაზე. ეს გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას მასიური დეზინფორმაციული კამპანიებისა და კიბერშეტევების მიმართ. როდესაც სომხები ივნისში არჩევნებზე მივლენ, მხოლოდ მათ უნდა აირჩიონ თავიანთი მომავალი. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით მაისში ერევანში პირველი ერთობლივი სამიტის მასპინძლობას, რაც ჩვენი გაღრმავებული პარტნიორობის დასტური იქნება.

აზერბაიჯანი კვლავ მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხებში. ჩვენ გვსურს, ჩვენი კავშირების გაღრმავება და მალე განვაახლებთ მოლაპარაკებებს ახალი ორმხრივი შეთანხმების შესახებ.

საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შეჩერების ნიშნებს. მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ, საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებზე გულწრფელი და ნამდვილი დიალოგში ჩართულობა იქნებოდა იმის მაჩვენებელი, რომ მათ მთავრობას კურსის შეცვლა სურს", - განაცხადა კალასმა.

ამასთან, კალასმა კითხვის პასუხად აღნიშნა: „ზოგად განწყობაზე თუ მკითხავთ, მაშინ შემიძლია გიპასუხოთ, რომ დიახ, ზოგადი განწყობა არსებობს, რადგან თუ ჩვენ ვგეგმავდით სანქციებს იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ქმედებებს ჩადიან ოპოზიციის ან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, მაშინ 26 ქვეყანა გვყავდა მხარდამჭერი და ერთი - წინააღმდეგი. ახლა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საკითხი ასევე ეხება საქართველოს. ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მაგრამ ვნახოთ. ნამდვილად, დღეს იყო დისკუსია, ძალიან კარგი დისკუსია ამ საკითხებზე, ასევე ჩართულობაზე, რადგან ზოგიერთი ამბობდა, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა ჩავერთოთ საქართველოსთან მიმართებით. საბოლოო ჯამში, ჩვენ აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ ქართველ ხალხთან, მათ შორის, თბილისს გარეთაც, რათა ვაჩვენოთ ხალხს, რომ ევროკავშირი არსებობს და ჩვენ კეთილი ფიქრებითა და ნებით მივდივართ მათთან. ამავდროულად, უნდა მივაწოდოთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მთავრობას, რომ მათი კურსი არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ევროპა წარმოადგენს. ასე რომ, ეს იყო დღევანდელი განხილვის თემა და ჩვენ მივუბრუნდებით სანქციებს, როგორც კი ახალი მთავრობები მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბებიან".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ