22.04.2026 21:23
თანამშრომლობა, ნდობა, სუვერენიტეტი, დიალოგი და უფლებები - საქართველომ, როგორც ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანამ, პირველი სხდომა გამართა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დელეგატებს მიმართა და თქვა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობას მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები აქვს. მონაწილე სახელმწიფოებთან კი დიალოგი, რომელიც უსაფრთხოების პოლიტიკურ-სამხედრო ასპექტებს შეეხება, სწორედ ეუთო-ს ქცევის კოდექსთან შესაბამისობის გაძლიერებას მიეძღვნება.
სახელმწიფოებს შორის უსაფრთხოების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრმა სხდომაზე აქცენტები რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში დღეს არსებულ გამოწვევებსა და გადაუჭრელ კონფლიქტებზე გააკეთა.
ფორუმის თავმჯდომარეობის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ელჩი ავსტრიაში. ალექსანდრე მაისურაძე ამბობს, რომ ეს პლატფორმა არის ეუთოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც კონკრეტულად უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე განიარაღებისა და შეიარაღების პრობლემატიკაზეა ორიენტირებული.
დღის ბოლოს მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიაში ვიზიტი შეაჯამა და თქვა, რომ საქართველომ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. მინისტრის თქმით, ეს ფაქტი ორგანიზაციისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას ადასტურებს.
ფორუმის მუშაობის სპეციფიკა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს ეხება. საქართველომ თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან გადაიბარა და ამ პოზიციას სექტემბრამდე შეინარჩუნებს, რის შემდეგაც მას გაერთიანებული სამეფო ჩაანაცვლებს.
ავტორ(ებ)ი :