მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: ამორალურია, როდესაც არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა ხდება მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად ან, გნებავთ, კომერციულად, ეს ვინმესთვის საინტერესოა 22.04.2026 22:37

 

მე კარგად მესმის ემოციური მდგომარეობისა, რომელშიც არიან პაციენტები და ოჯახის წევრები, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები განწყობილი შემგუებლურად იმ პოლიტიკოსების, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიმართ, რომლებიც ან განზრახ, შეგნებულად ავრცელებენ მცდარ განცხადებებს, ან დილეტანტიზმთან გვაქვს საქმე," - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების მოთხოვნასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, ამორალურია, როდესაც აღნიშნულ თემაზე არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა პოლიტიკური ან კომერციული ინტერესების გამო ხდება.

"ეს სამწუხარო რეალობაა, როდესაც გაუაზრებლად, მაგრამ იმავდროულად, ძალიან უპასუხისმგებლოდ აკეთებენ განცხადებებს. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, რაც არ უნდა მწვავე იყოს ის, არ მექნებოდა ეს დამოკიდებულება, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - საუბარია მედიკამენტებზე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, აღინიშნოს - თუნდაც ეთიკური და მორალური თვალსაზრისით, აბსოლუტურად ამორალურია, როდესაც არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა ხდება მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად ან, გნებავთ, კომერციულად, ეს ვინმესთვის საინტერესოა," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები აქციებს მართავენ სიცოცხლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ძვირადღირებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მოთხოვნით. მათი შეფასებით, ყოველი დაგვიანებული დღე პირდაპირ აისახება ბავშვების მდგომარეობაზე და ზოგ შემთხვევაში, შეუქცევადი პროგრესირების რისკს ზრდის.

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დადასტურებული დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ახალი პრეპარატების ეფექტიანობა და მათი უსაფრთხოება. მათივე განცხადებით, გადაწყვეტილებების მიღება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას და საერთაშორისო სტანდარტებს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ნებისმიერი დაფინანსებული მკურნალობა იყოს უსაფრთხო, ეფექტიანი და გრძელვადიანად გამართლებული.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ