ნიკა გვარამია - 10 მილიონი დოლარი აბსურდია, მიშამ რამე თუ იცის ამასთან დაკავშირებით, შეუძლია, ახსნას 24.04.2026 15:10

„ოპოზიციის ალიანსი" არის ისევ ისეთი, როგორიც იყო მანამდე, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გვარამიას თქმით, ალიანსი როცა კეთდებოდა, არავის ეგონა, რომ ცხოვრება მარტივი იქნებოდა.

„2024 წელს გაერთიანება თუ ვერ შედგა, მათ შორის იმის გამო ვერ შედგა, რომ ასეთი ტიპის დაპირისპირებები თუ კამათები, შესაძლოა, დამთავრებულიყო საარჩევნო კოლაფსით. ახლა ეს მხოლოდ ალიანსის ფარგლებში მიმდინარე კამათია. დიდად არ გვაზიანებს, მაგრამ საარჩევნო კამპანიაში, როგორც საარჩევნო სუბიექტს, სერიოზულად დაგვაზიანებდა​.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", გაერთიანებაში დარჩენის საკითხი მხოლოდ პარტიის გადასაწყვეტია და იმედია, ასე არ მოხდება, მით უმეტეს, რომ უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია", - აღნიშნა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამიას კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის" განცხადებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პასუხად გაკეთდა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, განცხადება გაკეთდა არა კრიტიკის, არამედ პერსონალური თავდასხმის გამო, იგულისხმება ნიკა მელიაზე თავდასხმა.

„ყველას შევახსენებ, როცა პარტიას ციხეში ჰყავს ლიდერი, ამ დროს ყოველთვის გაცილებით უფრო მაღალია მგრძნობელობა. ჩემზე რომ ეთქვა, მე საერთოდ არ ჩავთვლიდი საჭიროდ პასუხის გაცემას, მაგრამ ნიკა მელია იგივე შემთხვევაა, იგი ციხეშია, პოლიტპატიმარია და ციხიდან საკუთარი უფლებების დაცვას ვერ მოახერხებს. ჩვენ მორალური ვალდებულებაც გვაქვს, რომ ეს გავაკეთოთ. ჩვენ ეს ჩავთვალეთ პირად თავდასხმად ნიკა მელიაზე და, რომელიც, სხვათ აშორის, სააკაშვილმა თავისი პოსტიდან ამოიღო.

მე ყველას შევახსენებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დიდი შემადგენლობით იმყოფება ალიანსის სხდომებზე და მას შეუძლია, თავისი ლიდერის პოზიციები მათ შორის იქ დაიცვას.

ფულს რაც შეეხება, ძალიან ბევრჯერ მაქვს პასუხი გაცემული. 10 მილიონი დოლარი, რა თქმა უნდა, აბსურდია. მიშამ თუ რამე იცის ამასთან დაკავშირებით, შეუძლია, ახსნას. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ნიკა გილაურთან თანამშრომლობამ გამოიწვია რაიმე ფორმით ჩვენი უარი ვინმესთან გაერთიანებაზე, ეს ასე არ ყოფილა, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება", - აღნიშნა გვარამიამ.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ შეიძლება, 26 მაისამდე ალიანსი დაიშალოს, გვარამიამ უპასუხა: „ვიმედოვნებ, ასე არ მოხდება, პირიქით, გაფართოვდება".

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 21 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა: „ივანიშვილმა სხვადასხვა პირის მეშვეობით „ნაციონალურ მოძრაობაში" ბზარი შეიტანა 2016 წელს, როცა დიდი ჯგუფი გამოგვეყო, რამაც რეჟიმი მკვეთრად გააძლიერა. 2018 წელს, როცა ბაქრაძე დაგვიყენეს საპირწონედ და ამან ჩაშალა ოპოზიციის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში და 2024 წელს, როცა ივანიშვილის მიერ გილაურის სცენაზე შემოყვანით და მის მიერ დახარჯული 10 მილიონი დოლარით შეუძლებელი გახდა ერთი სიით გასვლა არჩევნებზე. უფრო მეტიც, ოპოზიციურ ტელევიზიებში (ერთ-ერთი მათგანის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩემი როლი გადამწყვეტი იყო) მთლიანად დამბლოკეს. შესაბამისად, ოპოზიციამ ვერ შეძლო არჩევნებში ხმების შენარჩუნება", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, 23 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოთ რეჟიმის მიერ შემოგზავნილი სუბიექტების ფულის აღება ვითომ უმნიშვნელო კომპრომისების ფასად, უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ