24.04.2026 15:59
საქართველო მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ 2022 წელს მივიღეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი, მაგრამ ეს სწრაფვა არ იწყება ამ თარიღიდან. უკან თუ გავიხედავთ, საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, რომ საბჭოური ან პოსტსაბჭოური ქვეყნიდან გადაქმნილიყო თანამედროვე, ფუნქციონირებად დემოკრატიად, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში, „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელზე სახელწოდებით - „ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი თაღი".
მისი თქმით, მიღწეულია საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი ეკონომიკურ განვითარებაში, საქმე როდესაც ეხება ბიზნეს გარემოს, ეკონომიკურ განვითარებასა და დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყანამ თავი საკმაოდ მაღალ პოზიციებზე დააყენა.
„ევროკავშირის მხრიდან კრიტიკას ხშირად ვისმენთ, მაგრამ ამას თავისი ლოგიკა აქვს. ეს დაკავშირებულია რეგიონში ორ ბოლოდროინდელ მოვლენასთან. საქართველოს ხედვა ძალიან მარტივია. ჩვენ ვმუშაობთ განვითარებისთვის ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელიც საქართველოს ძალიან მგრძნობიარე და დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და იმ კონტექსტში, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება. ჩვენი დაუცველობა იზრდება და მე არ ვფიქრობ, მჭირდებოდეს იმის შეხსენება, რომ საქართველოს კვლავ ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. საქართველოს ორ რეგიონში კვლავ გვყავს უკანონო სამხედროები. ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი და არ ვართ რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრი. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს კიდევ უფრო დაუცველ მდგომარეობაში აყენებს დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.
მეორე მხრივ, რუკას თუ შეხედავთ, ჩვენც ვხვდებით, რა სახის შესაძლებლობებია ჩვენს მხარეს. ჩვენ გვაქვს დამაკავშირებელი ქვეყნის პოზიცია აღმოსავლეთ-დასავლეთის კუთხით და არა მარტო. ევროკავშირსა და საქართველოს ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ერთად ვიმუშაოთ. ვსაუბრობთ შავ ზღვაზე. დღეს, შავი ზღვა ფაქტობრივად გამყოფი ზღვაა ევროკავშირსა და კონტინენტის დანარჩენ ნაწილს შორის. გეოპოლიტიკური კითხვაა, რა გვინდა მომავალში - შავი ზღვა გამყოფ ზღვად დავტოვოთ, თუ გვინდა ის დამაკავშირებელ ზღვად ვაქციოთ. ეს არის ის სამუშაო, რომელზეც ვფიქრობ, ერთად უნდა ვიმუშაოთ. ეს ეხება ერთად მუშაობას, მაგრამ ასევე საერთო ხედვას.
ჩვენი მხრიდან ხედვა არსებობს. გვინდა, ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო გარემოში შევინარჩუნოთ. გვინდა, ჩვენი ქვეყანა განვითარდეს. საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია. ციფრებს თუ შეხედავთ ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყანას ბევრი შესაძლებლობა აქვს არა მხოლოდ სარგებელი მიიღოს ევროპული პროექტებიდან, არამედ წვლილი შეიტანოს. ეს არის ის, რაც ევროკავშირთან უნდა განვიხილოთ, ეს არის სწრაფვა. საქართველოს მხრიდან სურვილი საუკუნეებია არსებობს, არა მხოლოდ ათწლეულები, ბევრად უფრო ძველია. ერთადერთი, რაც ევროპული მხრიდან უნდა ვიხილოთ, არის ამ სახის გეოპოლიტიკის გაგება და ხედვა, ასევე რეალური ნაბიჯები. გვინდა, ერთად ვიმუშაოთ, რათა ვიხილოთ საქართველო და არა მხოლოდ საქართველო, როგორც ევროპული პროექტის ნაწილი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :