გიორგი შარაშიძე - „ქართული ოცნების“ ინტერპრეტაციას და დემაგოგიას ვისმენთ, რომ ევროკავშირის ელჩისგან საფრთხე შექმნან, სინამდვილეში, საფრთხე თავად „ოცნებაა“ 24.04.2026 16:15

ამ ქვეყანაში ვინმე სამოქალაქო დაპირისპირებას თუ აღვივებს და წარსულში გვაბრუნებს, ეს, პირველ რიგში, თავად „ოცნებაა", - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩის განცხადებაში მუქარა ვერ დაინახა, არამედ მხოლოდ წუხილი იმაზე, რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს.

„გავიგე ისე, როგორც ევროკავშირის ელჩმა თქვა. ამ ქვეყანაში ვინმე სამოქალაქო დაპირისპირებას თუ აღვივებს და წარსულში გვაბრუნებს, ეს, პირველ რიგში, თავად „ოცნებაა". ელჩისგან წუხილი იმაზე, რასაც „ოცნება" აკეთებს და იმ საფრთხეებზე, რასაც „ოცნების" არასწორი პოლიტიკა ქმნის, ლოგიკური და ბუნებრივიცაა. ამ შემთხვევაში „ოცნებამ" კეთილი ინებოს და საკუთარ ქმედებებზე, ძალადობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და კანონის უზენაესობის დარღვევაზე ისაუბროს, რაც, საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას იწვევს. ამაზე თუ ვინმე დღეს პასუხისმგებელია, პირველ რიგში, ეს თავად „ოცნებაა". ამ შემთხვევაში ელჩის განცხადება არაფერ შუაში არ არის, თავიდან ბოლომდე „ოცნების" ინტერპრეტაციას და დემაგოგიას ვისმენთ, რომ კიდევ ერთხელ ევროკავშირის ელჩისგან საფრთხე შექმნან. სინამდვილეში, ამ დროს საფრთხე თავად „ოცნებაა".

მუქარა ვერ დავინახე. დავინახე მხოლოდ წუხილი იმაზე, რასაც „ოცნება" აკეთებს - როდესაც ქვეყანას აბრუნებს იმ ძველ დროში, როდესაც მართლაც იყო სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და რეალობაც ასეთი იყო. ეს თავიდან ბოლომდე „ოცნების" პასუხისმგებლობაა. ნებისმიერი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი ზრუნავს და წუხს ამ რეალობაზე და ცდილობს, რომ ამის პრევენცია მოახდინოს. განცხადება მივიღე მხოლოდ მეგობარი ქვეყნის და სტრატეგიული პარტნიორის რჩევად, წუხილად და ერთგვარ პრევენციად, რადგან „ოცნებაა" ის ძალა, რომელიც ამ საფრთხეებს ქმნის", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება". ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ