27.04.2026 16:49
ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით მომავლისთვის, არ შეიძლება, მუდმივად წარსულში ჩაბრუნებული მზერით ვიყოთ. უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე ჩვენი ნერვების და გულის მოფხანა, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
გვარამიას თქმით, ალიანსში პროცესები რთულია და მისი ამოცანა ალიანსის შენარჩუნებაა.
„შევხედოთ ოპოზიციაში ჩემთვის სრულიად გაუგებარ ურთიერთგაშავების კამპანიას. მარტო ალიანსში არა, ოპოზიციაში, მაგრამ რაღაცნაირად განსაკუთრებით ალიანსის მიმართ. ვგულისხმობ არამხოლოდ შიგნით, სხვების განცხადებებსაც. მეორე მხრივ, შევხედოთ, პროტესტში რა ხდება - ასევე რაღაც ურთიერთდაჭმა. მეგობრებო, ასეთი რაღაცები, თან ასე ურთიერთდამთხვევით დროში, თემებში და მეთოდებშიც არასდროს არ ხდება შემთხვევით. ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით მომავლისთვის, არ შეიძლება, მუდმივად წარსულში ჩაბრუნებული მზერით ვიყოთ. არ შეიძლება. უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე ჩვენი ნერვების და გულის მოფხანა. ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს. ალიანსში პროცესები რთულია, კიდევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ არავის ეგონა, ცხოვრება მარტივი იქნებოდა, არც ახლა მგონია. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, არის, რომ ალიანსი შენარჩუნდეს. ეს არის ჩემი ამოცანა. მე არ მომიგონია ეს ალიანსი, დამხვდა იმ შემადგენლობით და იმ სურვილით, რომ ეს ხალხი ყოფილიყო ერთად. შექმნისთანავე იყო საფრთხე, რომ ვერ შენარჩუნებულიყო, რადგან უამრავი ისეთი ადამიანია, იქ მოხვედრამდე უბრალოდ გამარჯობას რომ არ ეუბნებოდა ერთმანეთს. კიდევ ერთხელ ვამბობ, წარსულში თუ ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში, რადგან უბრალოდ არ არსებობს სხვა გზა, გარდა პრობლემიდან ქვეყნის ერთიანად გამოყვანისა. ასევე, მინდა, ყველას შევახსენო, ჩვენს კოალიციას აბრალებდნენ, თითქოს 2024-ში არ შედგა ერთობა. ყველამ იფიქროს ამაზე, ეს რომ მომხდარიყო წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორი საარჩევნო კოლაფსი იქნებოდა", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ავტორ(ებ)ი :