მაკა ბოჭორიშვილი - ქართველ ხალხზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე უკეთ ვერავინ მიხვდება, რომელ გზაგასაყარზე დგას ქვეყანა, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარა 27.04.2026 17:46

ჩვენზე უკეთ, ქართველ ხალხზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე უკეთ ვერავინ მიხვდება და ვერავინ გაიგებს, რომელ გზაგასაყარზე დგას ეს ქვეყანა. ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში, რომელიც დემოკრატიულ სამყაროში გამოხატავს ხალხი ნებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს სწორედ იმ ხალხის ნებას, რომელზეც ასე ღელავენ.

„ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო, რამდენად სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და საქართველოში რამდენად გვჭირდება სტაბილურობა. რამდენად არ გვჭირდება ამ საზოგადოების მეტად პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ასევე, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და მსგავსი მუქარა. განცხადებები, ქმედებები, ნაბიჯები, რაც იდგმება ბრიუსელის მხრიდან, დამოკიდებულება, რომელსაც ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელიც, სხვათა შორის, ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული, მიუღებელია, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ამ საზოგადოებაში პოლარიზაციისკენ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, მიუღებელია ყველაფერი ის, რაც აღვივებს ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზებას, მიუღებელია რადიკალური დღის წესრიგის წახალისება.

„როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად. სურათი, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მიუღებელი. საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი, საქართველოს არაფერი გაუკეთებია ევროკავშირთან მიმართებით, რომ დაზიანებულიყო ევროკავშირის რომელიმე ინტერესი. შესაბამისად, ჩვენც ველოდებით, რომ ბრიუსელის მხრიდან იქნება ის დამოკიდებულება, რომელსაც იმსახურებს საქართველო კეთილსინდისიერ ურთიერთობებში. ამას ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ეტაპზე. სწორედ ამის გამოხატულებაა ის განცხადებები და ნაბიჯებიც, რასაც ვხედავთ. შესაბამისად, ჩვენ თუ გვინდა, ურთიერთობები ისევ ნორმალურ რეჟიმში გადავიდეს, სულ მცირე, ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი და უნდა იყოს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რომლებსაც სწორედაც რომ არყევს ასეთი ნაბიჯები და განცხადებები, რაც მოვისმინეთ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ