ლევან ჟორჟოლიანმა ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია გახსნა 28.04.2026 13:23

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების (CEBS) რეგიონული კონფერენცია გახსნა.

ლევან ჟორჟოლიანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც ინოვაცია, კრეატიულობა და მეწარმეობა მიიღებს ძლიერ მხარდაჭერას და გახდება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. დღეს დიზაინი არის სტრატეგიული ბიზნესაქტივი, რომელიც ზრდის პროდუქტის საბაზრო ღირებულებას და აძლიერებს კონკურენტუნარიანობას", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, საქართველო აქტიურად განაგრძობს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სისტემის გაძლიერებას და საერთაშორისო ასპარეზზე ინტეგრაციას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართველ დიზაინერებსა და მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე, ეფექტიან და საერთაშორისოდ აღიარებულ დაცვის მექანიზმებზე. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული კონფერენცია გახდება ახალი თანამშრომლობისა და ინიციატივების დასაწყისი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს საერთო ძალისხმევას ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და კრეატიული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით", - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის" ორგანიზებით იმართება, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წევრები მონაწილეობენ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ