28.04.2026 15:18
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ვიხილეთ, როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რამდენი საქმე გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოჰქონდათ საქართველოში და გაჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს გავლით, სამალავები აღმოჩნდა, სადაც შეიარაღება იყო გადამალული თბილისთან ახლოს. ასეთი ტემპით და ხარისხით, არ მგონია, რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ემუშავა", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მთლიანად ოპოზიციას ის ფაქტი აწუხებს, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან, ერთი მხრივ, კოორდინაციას გაუწევს გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს, მათ გადაწყვეტილებსაც გადააზღვევს და, მეორე მხრივ, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა.
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან მტკივნეულია თქვენთვის, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად იცით, რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს მამუკა მდინარაძეს. რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის ამ სიმაღლეზე აყვანას - საქართველო დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში და ამაში უსაფრთხოების სამსახურის უზარმაზარი წვლილია", - მიმართა ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციას.
ავტორ(ებ)ი :