30.04.2026 01:41
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა" განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველომ აშშ-დან იხილა კონკრეტული ნაბიჯები, შედგა არაერთი კონსულტაცია და შეხვედრა.
„მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში. შეხვედრები დაიგეგმება არა მხოლოდ ჩემთან, არამედ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. აშშ-დან ვიხილეთ კონკრეტული ნაბიჯები. შედგა არაერთი კონსულტაცია, მათ შორის შედგა ზარი პრემიერ-მინისტრთან, იყო ვიზიტები როგორც ვაშინგტონში, ასევე თბილისში. მაისში ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს და კონსულტაციების გაგრძელებას. ეს შეიძლება, ერთგვარად ჩავთვალოთ კონსულტაციების პირველ ეტაპად. პირველი შეხვედრებია ასეთი ფორმის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტთან. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება კონსულტაციების შედეგები. ამ ეტაპზე შეგვიძლია, ის კომუნიკაციები, ის შეხვედრები, რაც ამ დრომდე იყო აშშ-ის მხარესთან, შევაფასოთ პოზიტიურად და შედეგიანად, ვინაიდან სწორედ ამის გამოძახილია და გაგრძელებაა უკვე დაგეგმილი ვიზიტები.
აპრილშიც იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში. გვქონდა კონსულტაციები, მეც მქონდა მასთან შეხვედრა, ასევე შეხვედრები შედგა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ამ ვიზიტის შედეგი იყო სწორედ ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის. ეს არის ის პროგრესი, რაც გვაქვს აშშ-თან ურთიერთობებში. ჩვენც არაერთხელ აღგვინიშნავს და ასევე ჩემთან საუბარში აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დახვდა საქართველოსთან ურთიერთობაში, არ არის მარტივი, არ იყო მარტივი ამ ნაბიჯების გადადგმა, რომ თუნდაც აქამდე მივსულიყავით და დაგვეწყო საუბარი. მოხარული ვარ, რომ ეს შედგა და შესაძლებელი გახდა, დავბრუნდეთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, აშშ-ის მხრიდან უმაღლეს დონეზე ჟღერდება, რომ არის ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი.
„აშშ-თან კომუნიკაცია ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში. ვაშინგტონში ჩვენი საელჩო მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენც ვხედავთ შედეგებს ამ გზავნილებისას, რაც გაჟღერდა პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ურთიერთობების აღსადგენად. სტრატეგიული თანამშრომლობის თავიდან დაწყების შესაძლებლობა რა თქმა უნდა არსებობს, ჩვენ სწორად უნდა წავიყვანოთ ეს პროცესი. ბევრია თავად აშშ-ს მხარეზე დამოკიდებული, როგორი იქნება სურვილი საქართველოსთან ურთიერთბების გადატვირთვის. ამ დრომდე განხორციელებული ზარებით, შეხვედრებით თუ კომუნიკაციით, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, რომ ეს სურვილი არსებობს და იმედი გვაქვს, უფრო პოზიტიური დინამიკა გვექნება ურთიერთობებში", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :