30.04.2026 15:26
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. დღევანდელი საზეიმო განწყობა განსაკუთრებულია იმ 800 ახალწვეულისათვის, ვინც ქვეყნისა და ერის წინაშე დღეს დადო სამხედრო ფიცი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების 35 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს, თავდაცვის მინისტრმა დაარსებიდან 35 წლის იუბილე მიულოცა და ღირსეული სამსახურისთვის თითოეულ ჯარისკაცს, მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს, კადეტებს, იუნკერებს, წვევამდელებსა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა. მან განსაკუთრებული პატივისცემით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლები გაიხსენა, გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარისკაცობა რჩეულთა საქმეა, ქართული ჯარი კი, რომელიც სიმტკიცის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოდ იქცა, ჩვენი სამშობლოს ისტორიის ანარეკლია: „ჯარისკაცის პროფესია საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლო ცხოვრებისეული არჩევანია. ქართველი ჯარისკაცის გმირობამ, სამშობლოს ერთგულებამ, თავგანწირვამ და შეუპოვარმა სულმა თავდაცვის ძალების ისტორია ყველასათვის მოწიწებისა და პატივისცემის მაგალითად აქცია".
ირაკლი ჩიქოვანმა მადლიერება გამოხატა სამხედროების ოჯახების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ მათ.
„სწორედ, ოჯახია ის მტკიცე და საიმედო საყრდენი, რომელიც ამაგრებს ჩვენს ჯარისკაცებს ამ რთულ და ღირსეულ პროფესიაში. მტკიცე და მზრუნველი ოჯახი ჯარისკაცისთვის არის მისი რწმენის, სიმტკიცისა და გამძლეობის ყველაზე დიდი წყარო", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალებზე, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და სანდო ინსტიტუციაზეც ისაუბრა, მისი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედროებს მხარდაჭერა აღუთქვა: „საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება, იგი უნდა ტრანსფორმირდეს მაღალტექნოლოგიურ, მობილურ ძალად, რომელსაც შესწევს უნარი შეაკავოს აგრესია. ეს მიღწევადია მხოლოდ გააზრებული, თანმიმდევრული, გეგმაზომიერი ნაბიჯებით.
ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ ჩვენს ჯარს ჰქონდეს სათანადო აღჭურვილობა, დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები და გაუმჯობესდეს სამხედროებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები", - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. მან ამ პროცესში ჩართულობისა და და შეტანილი წვლილისთვის საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის, პირადად, პრემიერ-მინისტრის მიმართ მადლიერება გამოხატა. ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარისა და სამხედრო მოსამსახურეების სულიერ სიმტკიცეზე ზრუნვაში საქართველოს ახლახან გარდაცვლილი პატრიარქისა და სულიერი მამის, ილია მეორის უდიდესი როლიც გაიხსენა, რომელიც ჯარმა ასევე უდიდესი გულისტკივილითა და პატივით გააცილა უკანასკნელ გზაზე.
ავტორ(ებ)ი :