04.05.2026 17:47
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე მეგობრული და საინტერესო საუბარი იყო.
პრემიერის თქმით, დახურული ფორმატიდან გამომდინარე, შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, გამომდინარე იქედან, რომ ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა. თუმცა, ზოგადად შემიძლია, გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის. თავად პრეზიდენტმა გამოთქვა ეს ინიციატივა. ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს შორის იყო საინტერესო საუბარი და ძალიან მეგობრული.
ზოგადად, შემიძლია, გითხრათ, რომ უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული, ისტორიული მეგობრობა, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს და ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად. ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გავუზიარე. რაც შეეხება დეტალებს, ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სულისკვეთება იყო მეგობრული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, „რაც შეეხება დეზინფორმაციას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ეს არის სერიოზული პრობლემა და საქართველოს ხელისუფლება ამაზე მუდმივად საუბრობს".
„ხშირად გვიწევს ხოლმე კომენტარების კეთება, გვიწევს ხოლმე უპასუხოდ, ასეთი ტიპის განცხადებებზე, დეზინფორმაციით გაჯერებულ განცხადებებზე, ეს არის სამწუხარო რეალობა. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება.
რა თქმა უნდა, ამ სამიტშიც მონაწილეობდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებსაც გაუკეთებიათ უსამართლო განცხადებები ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა. არ შევალ დეტალებში, გვარებს არ დავასახელებ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც გვიწევს მუშაობა. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, მთავარია, ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ზოგადად ყველა მიმართულებით ურთიერთობების განვითარებაზე, თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ამ შემთხვევაში ყველა პრობლემა მოიხსნება.
აქ ჩვენ საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული განცხადებები საერთოდ არ მოგვისმენია, ამ ფორმატში ამაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, გვქონდა გასაუბრება არაერთ ლიდერთან, ამ ფორმატში ლიდერების ნახევარზე მეტთან გაქვს გასაუბრების საშუალება, ასეთია ეს ფორმატი. ყველასთან გვქონდა საუბარი იმ რეალობაზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ ყველას, ეს არის საერთო შინაარსი, რაც შემიძლია, გადმოგცეთ ამ ფორმატთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი :