04.05.2026 22:30
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მხრიდან რამდენიმე ქვეყანასთან, კერძოდ, სომხეთთან, საქართველოსთან და სლოვაკეთთან რამდენიმე მიმართულებით ურთიერთობების განბლოკვის შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მათივე ცნობით, ზელენსკიმ ამის შესახებ ერევანში, ევროპული გაერთიანების სამიტის ფარგლებში, უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.
როგორც მედია წერს, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხეთში მისი ვიზიტი 24 წლის განმავლობაში ამ დონის პირველი ვიზიტია, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია.
ამასთან, ზელენსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ ხანმოკლე საუბარი ჰქონდა, რაც მისი თქმით, სწორია.
„დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ ხანმოკლე საუბარი გვქონდა. მიმაჩნია, რომ ესეც სწორია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინულ მედიასთან საუბრისას ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარეები მთავრობებს შორის კონსულტაციების გამართვის საკითხზე შეთანხმდნენ.
„ახლა დიპლომატები გადაწყვეტენ, ეს ბრატისლავაში ჩატარდება თუ კიევში. ყველა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. უკვე არსებობს კონკრეტული საკითხები და თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ ესეც კარგი სიგნალია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც უკრაინული მედია წერს, 2024 წელს უკრაინამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" სხვა წევრები ათი წლით დაასანქცირა. ამასთან, როგორც მედია აღნიშნავს, ბოლო წლებში უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები უკიდურესად რთული რჩება. „ამის ერთ-ერთი მიზეზია საქართველოს ხელისუფლების განსხვავებული პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და ასევე მუდმივი ბრალდებები, საქართველოს „მეორე ფრონტად გადაქცევის" გეგმასთან დაკავშირებით", - წერს „ევროპეისკაია პრავდა". ამასთან, როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, საქართველოში უკრაინას ელჩი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში არ ჰყავდა, ვიდრე 2026 წლის იანვარში თანამდებობაზე მიხაილ ბროდოვიჩი არ დაინიშნა.
"საქართველოსთან, სომხეთსა და სლოვაკეთთან ურთიერთობებში რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება განბლოკილია" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი. მას უკრაინული მედია ციტირებს იმ კომენტარზე დაყრდნობით, რომელიც მან ტელეკომპანია ICTV-ს ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მისცა.
ავტორ(ებ)ი :