06.05.2026 22:56
"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს," - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ დაიწყოს ტალღმტეხის მშენებლობა.
"სამუშაოები გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ აშენდება 1380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი, შესაბამისი აუზი 16-18 მეტრამდე დაღრმავდება და გვექნება შესაძლებლობა, 2029 წლისთვის მივიღოთ პირველი გემი", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობა გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ქვეყანა გაორმაგებულ ტვირთბრუნვას მომზადებული დახვდეს და რეგიონში სანდო პარტნიორის რეპუტაცია განიმტკიცოს. თამარ იოსელიანის შეფასებით, არსებულ გამოწვევებსა და ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირებისთვის შემუშავებულია მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმები.
"ჩვენი მიზანია, სრულად დავაკმაყოფილოთ შუა დერეფნის საჭიროებები და მეზობელ ქვეყნებთან სინერგიით ვუპასუხოთ გაზრდილ ტვირთბრუნვას. ამ პროცესში გადამწყვეტია სისწრაფე, ეფექტიანობა და გამტარუნარიანობის გაზრდა. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან გამტარუნარიანობის გასაზრდელად. ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი ეტაპი კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურია, რომლის მშენებლობაც უკვე დავიწყეთ და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
"ჩვენ ვახორციელებთ უმსხვილეს ინვესტიციებს საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურაში, რათა მზად დავხვდეთ გაზრდილ ტვირთნაკადებს. 2030 წლისთვის ველოდებით ტვირთბრუნვის გაორმაგებას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ავტორ(ებ)ი :