შალვა პაპუაშვილი - მალტა საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, მათი პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა 07.05.2026 11:50

მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან რეგიონულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომელიც მათ შორის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია და ზოგადად, რეგიონისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ანჯელო ფარუჯას შეხვდა.

 

„ვისაუბრეთ იმ კონფლიქტებსა და ომებზე, რომლებიც მიმდინარეობს და სამწუხაროდ, დღემდე არ წყდება. მსჯელობის საგანი იყო, რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს და რა უნდა გააკეთოს სხვადასხვა სახის ორგანიზაციამ. ვისაუბრეთ იმაზე, რომ რეგიონულ ორგანიზაციებს განსაკუთრებული როლი აქვთ სამშვიდობო პოლიტიკაში იმ ფონზე, როცა სამწუხაროდ, ისინი თამაშგარე მდგომარეობაში არიან ამ კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, მალტა ქართველ ხალხისა და საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია.

 

„ჩვენს პარლამენტებს შორის განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მათ შორის პირადად მალტის პარლამენტის სპიკერსა და ჩემს შორის. ვისაუბრეთ ასევე ინსტიტუციურ-სტრუქტურულ თანამშრომლობაზე და ამ ასამბლეის ფარგლებში, ვაპირებთ, რომ დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მოვმართოთ და ამ მხრივ მალტამ სრული მხარდაჭერა აღვიქვა.

 

ზოგადად, მალტა გამოკვეთილი მხარდამჭერია ქართველ ხალხისა და საქართველოსი. ამ მხრივ, მალტის პარლამენტი განსაკუთრებულ თანამშრომლობაშია ჩვენთან. მათი მხრიდან ყოველთვის სურვილი და მზადყოფნაა იმის, რომ რიგ შემთხვევებში, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, რომელიც ცდილობს, რომ დიალოგი დაბლოკოს და ცალმხრივი დირექტივებით გვესაუბროს, მალტის პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა. ამ მხრივ, მათი მხრიდან მხარდაჭერა გვაქვს, რომ დიალოგის გამართვას ხელი შეუწყონ",- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ