10.05.2026 17:48
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება. როგორც შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, შეხვდება სლოვაკ კოლეგას, შეხვედრებზე კი საუბარი ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობებს შეეხება.
"გვაქვს შესაძლებლობა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვეწვიოთ სლოვაკეთს. პარლამენტის თავმჯდომარესთან მექნება შეხვედრა, ისევე, როგორც კოლეგებთან სლოვაკეთის პარლამენტში. უპირველეს ყოვლისა გვექნება საუბარი ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობაზე, რომელიც გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს, როგორც საკომიტეტო დონეზე, ისე მეგობრობის ჯგუფებს შორის. ბოლო პერიოდში არის ინტენსიური ვიზიტები მაღალ დონეზე. იცით, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა სლოვაკეთში.
ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ევროპული ინტეგრაციის პროცესში იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ. მნიშვნელოვანია იმ პროპაგანდის და აგრესიული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული ხელისუფლება ევროკავშირში საქართველოს წინააღმდეგ ეწევა, ჩვენმა მეგობრებმა შეძლონ საღი აზრის შეტანა სხვადასხვა განხილვებში.
საბედნიეროდ, სლოვაკეთის ხელისუფლებას აქვს საკმაოდ სწორი დამოკიდებულება ქართველ ხალხთან და საქართველოსთან. ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის, რომ სლოვაკეთის პარლამენტთან გვქონდეს კომუნიკაცია იმაზე, რომ მათ კოლეგებთანაც მიიტანონ ის საღი აზრი, რომელიც ასე სჭირდება თავად ევროკავშირს და ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :