შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის მოთხოვნებს რომ დავყოლოდით, წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა დღეს რუსეთის დუმაში, უფრო მძიმედ, წინ წასული იქნებოდა პროცესები 14.05.2026 14:02

სამწუხაროდ, უუნარონი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, ვისი პასუხისმგებლობაც არის და ვისი იმედიც გვქონდა ხოლმე. დღევანდელ სამყაროში საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია, ეს ორგანიზაციები უუნაროები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

პაპუაშვილის თქმით, არიან უცხო ქვეყნები, რომლის იმედიც ჰქონდათ, მაგრამ მათ ან არ შეუძლიათ, ან, უკრაინის მაგალითის მიხედვით, ზოგიერთს არც უნდა, რომ ესა თუ ის კონფლიქტი გადაწყდეს.

 

„იქნებ საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინასთან მაინც შეძლონ რამე. არ ვიცი, საერთაშორისო პარტნიორებს აქ რა შეუძლიათ, რომ გააკეთონ. ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, უუნარონი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, ვისი პასუხისმგებლობაცაა და ვისი იმედიც გვქონდა ხოლმე. დღევანდელ სამყაროში  საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია, ეს ორგანიზაციები უუნაროები არიან. მეორე მხრივ, უცხო ქვეყნები არიან, რომელთ იმედიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მათ ან არ შეუძლიათ, ან, უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, რომ ზოგიერთს არც უნდა, ან სხვანაირად ფიქრობს, ესა თუ ის კონფლიქტი როგორ გადაწყდეს.

 

რაც შეეხება ცხინვალს, თუ არ ვცდები, რუსეთის დუმაში შეთანხმების რატიფიცირება მოხდა. სწორედ ეს არის ოკუპაციის რისკები და ოკუპაციის მავნე შედეგები, რომელიც განგრძობადია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ ამ გამოწვევების გადაჭრა გონივრული პოლიტიკით და, რაც მთავარია, მშვიდობიანი პოლიტიკით შეძლოს. არაერთხელ გვითქვამს, რომ ორი ეროვნული ამოცანა გვაქვს, ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ რომ ევროკავშირის მოთხოვნებს დავყოლოდით და  რუსეთთან ესკალაციაზე წავსულიყავით, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის დუმაში და არა ასეთი შეთანხმებების. ჩვენ რომ ბრიუსელისთვის მოგვესმინა, ცოტა უფრო მძიმედ და წინ წასული იქნებოდა პროცესები. უკრაინას შეხედეთ და ნახეთ, რას ნიშნავს, პრაქტიკაში ეს რისკები.

 

კანცლერ მერცს მოუსმინეთ, რომელმაც ლამის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დააყენა ის, რომ უკრაინამ საკუთარ ტერიტორიებზე უარი თქვას და რუსეთს დაუთმოს. მერცმა თქვა, რომ უკრაინას, სავარაუდოდ, რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობა მოუწევს და ეს გზას ევროკავშირში გაუფართივებს. იმ პირობებში, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილია და არა თუ რეზოლუციების, არამედ ომი და ადამიანების ხოცვის შეწყვეტა ვერ ხერხდება, რა თქმა უნდა, რთულია და შეზღუდულია რესურსები, რომ საქართველოს ამგვარ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება ჰქონდეს. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი პოლიტიკა მიმართული იყოს, რომ, გრძელვადიანად, ის ინტერესი არ დაზიანდეს, რაც საქართველოს გაერთიანებას გულისხმობს. რუსეთის მხრიდან ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ