14.05.2026 18:08
დასრულდა ჩვენი შეხვედრები იტალიის სენატში, იტალიის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან და, ასევე, სენატში მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ამ შეხვედრებზე ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების და საპარლამენტო განზომილების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.
მისივე თქმით, შეხვედრებისას საუბარი შეეხო ოფიციალური ვიზიტების ურთიერთგაცვლის და საპარლამენტო თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების საკითხებს.
ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ იტალიურ მხარესთან შეხვედრისას საუბრის მთავარ თემას უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში მიმდინარე ომები და ოკუპაციის თემა წარმოადგენდა.
მისივე თქმით, იტალიური მხარე მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, რომელთა შეფასებითაც, საქართველო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„რა თქმა უნდა, ძირითადი საკითხი ჩვენი საუბრისა იყო უსაფრთხოების საკითხები, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, როგორც ოკუპაციის თემა, ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და თუ რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენს რეგიონზე. ასევე საუბარი იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან როლზე ევროპის და, მათ შორის, იტალიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ასევე, საუბარი გვქონდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრობლემატიკაზე. ჩვენ ვთხოვეთ იტალიურ მხარეს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ბრიუსელთან, იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი აღდგეს. იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, შესაბამისად, ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ და დაუჭერენ მომავალშიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი, ღია დიალოგის გამართვას, მათ შორის, კრიტიკულ საკითხებსა და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული იყო. ჩვენი ვიზიტი გრძელდება და კიდევ რამდენიმე შეხვედრა გვექნება იტალიის პარლამენტში", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ავტორ(ებ)ი :