20.05.2026 23:15
ჩვენი კონსტიტუციით, სახელმწიფო არის ვალდებული დაიცვას ადამიანის ღირსება და ამ შემთხვევაში, აღნიშნული სამმართველოს შექმნა იქნება ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ "ღამის კურიერის" ეთერში, სპეციალური სამმართველოს შექმნაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ სიძულვილის ენა, ასევე პიროვნული თავდასხმები არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ზღვარის გავლება, სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება სიძულვილის ენა, რასაც შსს-ს ახალი დეპარტამენტი შეუწყობს ხელს.
"ჩვენი კონსტიტუციით, სახელმწიფო არის ვალდებული დაიცვას ადამიანის ღირსება და ამ შემთხვევაში, აღნიშნული სამმართველოს შექმნა იქნება ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება. გარდა ამისა, აღნიშნულ სამმართველოს ექნება პროაქტიულად თითოეული შემთხვევის გამოვლენის საშუალება და კარგია, რომ ჩამოყალიბდა ერთიანი მიდგომა თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.
ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ სიძულვილის ენა, ასევე პიროვნული თავდასხმები არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ზღვარი გავავლოთ სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება სიძულვილის ენა. შესაბამისად, ამას სჭირდება ძალიან მაღალი კვალიფიკაცია, მუდმივი მონიტორინგი. გარდა ამისა, ბევრი ადამიანი, ხშირ შემთხვევაში შეიძლება თავს იკავებდეს განცხადებით მიმართვისგან და ამ შემთხვევაში, ამ სამმართველოს მთავარი ფუნქცია იქნება, რომ პროაქტიულად გამოავლინოს ასეთი შემთხვევები, დანერგოს ერთიანი სტანდარტი და იმ სულისკვეთებაზე, რასაც საქართველოს კონსტიტუცია. ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს სტანდარტები გვეუბნება, სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად დაიწყოს თითოეულ შემთხვევაში საქმის წარმოება", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
ავტორ(ებ)ი :