ირაკლი ქადაგიშვილი - პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში 22.05.2026 16:38

პეტერ ფიშერი „დიფ სთეითს" სააბაზანოში ან საძინებელ ოთახში თუ ვერ დაინახავს, არ ნიშნავს, რომ ეს ძალა მსოფლიოში არ არსებობს და პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში დომინანტი ძალა არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„მარტო პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებებს თავი რომ დავანებოთ, ათეული წლების განმავლობაში და უფრო მეტი, ტერმინი „დიფ სთეითი" არის ცნობილი პოლიტიკურ და, საერთოდ, პოლიტიკურ საკითხთა მკვლევართა შორის და ნიშნავს სიღრმისეულ სახელმწიფოს. ის ინსტიტუტები, გავლენის ცენტრები და ძალები, როლებიც მუდმივად ატარებენ მათ მიერ დასახულ პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლებიან ამა თუ იმ ქვეყნის სათავეში სახელმწიფოს ლიდერები და როგორ აქცევენ ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოლიტიკური მიზნების გავლენის ქვეშ - ეს არის „დიფ სთეითის" კლასიკური სახე. ეს არ არის ბოლო წლების ნარატივი, უკვე ათეული წლებია, რაც მსოფლიო პოლიტიკაში და, მათ შორის, პოლიტიკის მკვლევრებში ძალიან კარგად არის ცნობილი. ამიტომ ბატონი პეტერ ფიშერი ამას სააბაზანოში თუ საძინებელ ოთახში თუ ვერ დაინახავს, არ ნიშნავს, რომ ეს ძალა მსოფლიოში არ არსებობს და პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში დომინანტი ძალა არ არის", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

მისივე თქმით, გერმანიის ელჩი თავის დიპლომატიურ მისიას და დიპლომატიურ კარიერას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში და გერმანულ-ქართული ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

 

„გერმანიის ელჩი საქართველოში თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ასევე, ასრულებს დიპლომატიურ კარიერას, რამდენადაც ეს გაჟღერებული იყო. ასრულებს ასეთი ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში და გერმანულ-ქართული ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა ელჩი ცდილობს, რაღაცნაირად თავი იმართლოს, მაგრამ ფაქტი ყველასთვის ნათელია და სახეზეა, რომ, სამწუხაროდ, ბატონი პეტერ ფიშერი საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. ოღონდ ეს პოლიტიკური საქმიანობა დიპლომატიურ ჩარჩოებში მოქცეული არ იყო, არ იყო საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებისკენ მოწოდებული, არამედ იყო ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებით, რაც უნდა გამოხატულიყო იმაში, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალა და იდეოლოგია გამეფებულიყო. შეგვიძლია, გამონათქვამები და ბანერებიც გავიხსენოთ, გერმანიიდან ჩამოსული პოლიტიკოსების განცხადებებიც და მისი დამოკიდებულება მათ ამ განცხადებებთან დაკავშირებით. თუნდაც საკმარისია მარტო როთის გახსენება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

მისივე თქმით, ევროკავშირში რომელიმე ქვეყნისთვის რომელიღაც კანონი კარგი და რელევანტური თუ არის, არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ის უაპელაციოდ უნდა იყოს მიღებული საქართველოში.

 

„პირდაპირ გეუბნებიან: რასაც ჩვენ გეტყვით, ის კანონმდებლობა უნდა მიიღოთო; რაიმე მოსაზრება საკუთარი და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, შენი ქვეყნის ეროვნული სპეციფიკიდან გამომდინარე არ უნდა არსებობდეს. საბჭოთა კავშირში ვიყავით, სადაც საბჭოთა კავშირი და ცენტრალური კომიტეტი რასაც გადაწყვეტდა, ყველას ის უნდა მიეღო, ყოველგვარი განსხვავებულობის გარეშე. საბჭოთა კავშირში გვითხრეს, რომ საქართველოში ქართული ენა აღარ იქნება სახელმწიფო ენა, უნდა მიგვეღო? - არ უნდა მიგვეღო. ასეა აქაც. არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირში რომელიმე ქვეყნისთვის რომელიღაც კანონი კარგი და რელევანტური თუ არის, ის უაპელაციოდ უნდა იყოს საქართველოში მიღებული", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ