22.05.2026 17:14
ევროკავშირმა უნდა დაგვანახოს, რომ კვლავ ერთგულია იმ ფასეულობების, რის გამოც ჩვენ შევიტანეთ წევრობაზე განაცხადი, რის გამოც ამდენი წელია, ვცდილობთ, სხვათა შორის უშედეგოდ, ევროკავშირში წინ წასვლას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ღირებულებებისგან დაცლილი ევროკავშირი არ არის ევროკავშირი, ის არის უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნების კავშირი, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი თავის დროზე.
„ევროპას სხვადასხვა სახე ჰქონდა. 1945 წლამდე ევროპას ფაშისტური სახეც ჰქონდა, შემდეგ ეს სახე შეიცვალა და დაემსგავსა იმ ევროპას, რომელიც ჩვენთვის მისაღებია. ახლა ვხედავთ, რომ მას კვლავ აქვს ცივილიზაციური გამოწვევები, რომელზეც არა მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, აშშ-ც მიუთითებს. ჩვენ ევროპის ფაშისტური სახე გვინახავს და ამას ვებრძოდით, 300 ათასი ქართველი დაიღუპა იმის გამო, რომ ევროპა იყო ფაშისტური. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ისტორია შეიძლება ნებისმიერ დროს სხვადასხვა მიმართულებით წავიდეს და ყველა უნდა იყოს ფხიზლად, ამიტომაც ვფხიზლობთ ჩვენ და ვეუბნებით ევროკავშირს, რომ იმ ნაბიჯებით, რომელსაც ისინი დგამენ, მიექანებიან ცივილიზაციური უფსკრულისკენ, შორდებიან ევროპულ იდეალებს. ისეთ ევროკავშირში, რომელშიც მარტო სახელია ევროპული, ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მონაწილეობას. მათ უნდა დაგვანახონ, რომ ევროკავშირი კვლავ მიმზიდველი იყოს საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ, ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი ევროკავშირი არ არის ევროკავშირი, ის არის უბრალოდ კავშირი სხვადასხვა ქვეყნების, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი თავის დროზე. კონტინენტურად რომ შევხედოთ, ესეც ევროპის ნაწილია. ასეთ კავშირში ჩვენც ვიყავით, გეოგრაფიულად ევროპაში, მაგრამ თავისი ფასეულობებით ეს ხომ არ არის ევროპა?! ამიტომ, ევროკავშირმა უნდა დაგვანახოს, რომ კვლავ ერთგულია იმ ფასეულობების, რის გამოც ჩვენ შევიტანეთ წევრობაზე განაცხადი, რის გამოც ამდენი წელია, ვცდილობთ, სხვათა შორის უშედეგოდ, ევროკავშირში წინ წასვლას", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თუ ვინმეს უნდა ქართველი ხალხისადმი პატივისცემა აჩვენოს, პატივი უნდა სცეს საქართველოს სახელმწიფოს.
„რაც შეეხება ქართველის ხალხის ერთგულებას და ტერმინოოლოგიას, რასაც ირჩევს ზოგიერთი სახელმწიფო და მათ შორის ბრიუსელი, რომ ქართველ ხალხს უჭერენ მხარს; ეს არის ყველაზე დიდი დამცირება საქართველოსი, რაც მგონი საბჭოთა კავშირის დროს თუ გვაყენებდნენ ან მეცხრამეტე საუკუნეში. რთულია, ქართველი ხალხის ასეთი დამცირება ჩვენი ისტორიიდან გაიხსენო და პარალელები გაავლო. საქართველო არ არის პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც არიან რაღაც ხალხები და ტომები, რომლებსაც არა აქვთ რაიმე ფორმა, სტრუქტურა და მოწყობა, საქართველო არის სახელმწიფო, ქართველი ხალხი არ არის რაღაც აბსტრაქტული ცნება და ამ ტერიტორიაზე უბრალოდ ადამიანების ჯგუფი არ ცხოვრობს. ეს არის სახელმწიფო თავისი საზღვრებით, თავისი ტერიტორიით, თავისი კონსტიტუციით, თავისი ინსტიტუციებით და ვინმეს თუ უნდა, რომ დაგვანახოს პატივისცემა, პატივი უნდა სცეს საქართველოს სახელმწიფოს. საუბრები ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემაზე აჩვენებს, რომ ისინი სინამდვილეში მიიჩნევენ ქართველ ხალხს მეორეხარისხოვან ერად. ეს არის ზუსტად კოლონიალისტური აზროვნება - ასწავლო, როგორ უნდა ააწყონ სახელმწიფო, რადგან თვითონ არ იციან, არიან აბორიგენები, უნდა ასწავლო, როგორ შეარჩიონ თავისი მმართველები და არიან რაღაც პირველყოფილ მდგომარეობაში. აი, სინამდვილეში ამას ამჟღავნებს ეს ტერმინოლოგია, ამ დამოკიდებულებას, რომ ქართველ ხალხს, ჩვენი 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობით, მიგვიჩნევენ სინამდვილეში მეორეხარისხოვან ადამიანებად, რაღაც ჯგუფურად ვცხოვრობთ რაღაც ტერიტორიაზე, ვუმზადებთ ხინკალს და ხაჭაპურს, მოსწონთ ჩვენი ცეკვა-თამაში. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ყოველ ჯერზე, როდესაც იქნება ასეთი მიმართვა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მე პირადად ვაპირებ, რომ სათანადო პასუხი დავუბრუნო ყველას, ვინც ამას გააკეთებს, დავუბრუნოთ იმ მხრივ, რომ ეს იქნება კოლონიალისტური დამოკიდებულება და იმის წარმოჩენა, თითქოს საქართველო ვინმეზე ნაკლები ერია, რომელსაც არ შეუძლია, საკუთარი ქვეყანა მართოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :