ირაკლი ფავლენიშვილი - 26 მაისს „ოპოზიციური ალიანსის“ აქცია ჩატარდება და ვერანაირი დაბრკოლებით ვერ შეამცირებენ ხალხის რაოდენობას 23.05.2026 17:54

26 მაისს „ოპოზიციური ალიანსის“ აქცია ჩატარდება და ვერანაირი ტექნიკური დაბრკოლებით ვერ შეამცირებენ ხალხის რაოდენობას. ტექნიკურად როგორ უნდა გაართულონ? ათი ათასობით ქართველს უნდა, რომ გამოვიდეს შაჰ-აბასობის მომწყობი ხალხის წინააღმდეგ და აუცილებლად გამოვლენ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნულის შესახებ ფავლენიშვილმა „ოპოზიციის ალიანსისა“ და მოქალაქეების შეხვედრამდე ისაუბრა მედიასთან. შეხვედრის თემა კი ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილ აქციას ეხებოდა.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, 26 მაისს აუცილებლად შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გამოაცხადებენ, რომ „არ ეგუებიან ივანიშვილის სურვილს, დაამყაროს დიქტატურა ამ ქვეყანაში“. მისი თქმით, იქნება დიდი საპროტესტო მსვლელობა, სადაც საქართველოს ათი ათასობით მოქალაქე გამოვა.

„26 მაისამდე არის შეხვედრები მოქალაქეებთან სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ვარიგებთ ბუკლეტებს, დავდივართ საჯარო თავშეყრის ადგილებში და და ეს შეხვედრაც დაანონსებული იყო მსურველებთან, ვისაც კითხვები აქვს ჩვენს ალიანსთან და ზოგადად 26 მაისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით“ , - განაცხადა ფავლენიშვილმა. .

მან ასევე ისაუბრა „ოპოზიციური ალიანსისთვის“ თბილისის მერიის მიერ გაგზავნილ პასუხზე, რომლის თანახმად, გამომდინარე იქიდან რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილია ოფიციალური ღონისძიებები, შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები, პარლამენტის მიმდებარედ კონსტრუქციების (მათ შორის, სცენის) მოწყობა მერიას დაუშვებლად მიაჩნია.

„ყველანაირად შეეცდებიან რომ ტექნიკურად დააბრკოლო. ეს მათი ხელწერაა და ყველა დიდი საპროტესტო აქციის დროს ასე აკეთებდნენ, მაგრამ ეს არ აფერხებს ხოლმე ქართველ ხალხს, რომ გამოხატოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი და პროტესტი. ამიტომ ვერცერთი აქცია ვერ იქნება სხვანაირად ჩატარებული. აქცია ჩატარდება და ვერანაირი ტექნიკური დაბრკოლებით ვერ შეამცირებენ ხალხის რაოდენობას. ტექნიკურ დეტალებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია იყოს საქართველოს ათი ათასობით მოქალაქე. ტექნიკურად როგორ უნდა გაართულონ? ათი ათასობით ქართველს უნდა, რომ გამოვიდეს შაჰ-აბასობის მომწყობი ხალხის წინააღმდეგ და აუცილებლად გამოვლენ“, - დასძინა მან.

გარდა ამ საკითხისა, ფავლენიშვილმა ისაუბრა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ „ოპოზიციურ ალიანსისთვის“ გაგზავნილ წერილზე, სადაც წერია, რომ „საქართველო ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება“.

ფავლენიშვილის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ ქვეყანას პარტნიორობა ჰქონდეს ევროკავშირთან და არა სხვა ქვეყნებთან, რადგანაც ევროკავშირი არის საქართველოს ღირებულებითი, იდეური და ბუნებრივი მოკავშირე, მათ შორის აშშ-ც. მისი თქმით, ევროკავშირში ძალიან კარგად იციან, რა პრობლემებია საქართველოში.

რაც შეეხება კითხვას „ოპოზიციურ ალიანსში“ არსებულ შესაძლო დაპირისპირებაზე, განსხვავებული აზრის ქონა ბუნებრივია ალიანსში, სადაც 9 პარტიაა წარმოდგენილი.

„მუდმივად შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრები იმიტომ, რომ ვართ 9 პარტია. პერსონალებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, მითუმეტეს 26 მაისამდე. მთავარია, რომ ყველა ორიენტირებულები ვიყოთ საქმეზე,26 მაისზე, ხალხზე და არა ურთიერთდაპირისპირებაზე“,- აღნიშნა ოპოზიციონერმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ