26.05.2026 18:11
2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ. და მაინც, არა თუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკას".
მან გაიხსენა საქართველოს ისტორიის ის უახლესი წარსული, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენამდე გაიარა და აღნიშნა, რომ განვლილი პერიოდი მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის.
„108 წლის წინ მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენა, მართალია დიდი ხნით არ გაგრძელებულა მაგრამ იმ პერიოდში უკვე აჩვენა, რომ საქართველოს ერს აქვს იმხელა ინტელექტუალური უნარი, წონა, რომ დამოუკიდებლად სახელმწიფოს არსებობა, განვითარება შესაძლებელი იყო. 35 წლის წინათ, როდესაც დაუბრუნდა საქართველო დამოუკიდებლობის ამ სტადიას, ისტორიული მოვლენა მოხდა. მაშინ საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ წაიშალა ყველანაირი ხაზები, რომელიც ადამიანებს ერთმანეთს აპირისპირებდა - პოლიტიკურ ნიშნით იქნებოდა თუ გარკვეული სხვა მოსაზრებებით. გაერთიანდა ერი ბედნიერება იყო, საქართველოში სუფევდა ერთიანობა და დამოუკიდებლობის ეს წყურვილი იყო დაკმაყოფილებული.
მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რაზეც მერაბ კოსტავამ განაცხადა, რომ „თუ კი ასე გავაგრძელებთ, მოვა დრო, როცა სიბნელეში დავუწყებთ ერთმანეთს ხელების ცეცებით ძებნას და გაგვიჭირდება ერთმანეთის მიგნება".
ფაქტია, რომ ეს სამწუხარო ამბავი ჩვენს ისტორიაში მოხდა. ფაქტი ერთია, რომ პოლიტიკური შეფასება არის აუცილებლად გასაკეთებელი. დასკვნა უნდა გავაკეთოთ აქედან, თუნდაც იმ პერიოდის მოვლენებიდან, რომ ერთობა არ ნიშნავს მაინც და მაინც ერთმანეთის მიმართ დითირამბების მღერას.
განსხვავებული აზრების მიუხედავად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ჩვენ ძალა უნდა მოგვეძებნა, რომ ერთმანეთს შევჯიბრებოდით სხვადასხვა პროგრამებით, შეხედულებებით, დამოკიდებულებით ჩვენი მომავლის მიმართ და არჩევნებზე უნდა გადაგვებარებინა ყველაფერი, რასაც უთანხმოება ჰქვია. არ მოხდა ეს. ძალიან რთული პერიოდი გამოიარა საქართველომ.
2008 წელში მოხდა უბედურება. საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. 2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ. და მაინც, არა თუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის ვისაც არ უყვარს საქართველო და ბევრისთვის კიდევ მისაბაძია ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ არის პოზიტიურად განწყობილი. ეს ყველაფერი ასახულია იმ კვლევებში, რომელიც ყველაზე დიდმა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტებმა გამოაქვეყნა. ამით მოვედით დღემდე", - განაცხადა გიორგი ვოსკიმ.
ავტორ(ებ)ი :