26.05.2026 19:31
დიდი ბრიტანეთის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული სამი კომპანიის დასანქცირების შესახებ განვმარტავთ, რომ სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, სანქცირებული კომპანიები მოქმედებენ რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას.
„ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი, ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, უნებართვო საქმიანობის იდენტიფიცირების შემთხვევაში მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთანავე, სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ სტრუქტურებს და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და ზოგიერთ შემთხვევაში დამდგარია შესაბამისი პასუხისმგებლობაც. საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია FATF-ის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება, რომლის თანახმადაც, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით საქართველოს რეიტინგი შეადგენს „largely compliant"-ს. აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :