,,გუშინდელმა მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობამ, რომელიც მომეწონა, მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა''- მიხეილ სააკაშვილი 27.05.2026 19:21

 

გუშინდელმა მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობამ, რომელიც მომეწონა, მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა იმიტომ, რომ არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას - რა არის შემდეგი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხალხის დაშლა იმ დაპირებით, რომ შემოდგომაზე მეტი შეიკრიბებიან, ბევრჯერ გავლილი და სრულიად უაზროა.

„ამ აქციაზე იყო კარგი პატიმრებთან სოლიდარობა, ერთიანობისკენ მოწოდება, მაგრამ არ იყო მთავარი - როგორ ვამარცხებთ დიქტატურას, ხალხის დაშლა იმ დაპირებით, რომ შემოდგომაზე მეტი შევიკრიბებით, ბევრჯერ გვაქვს გავლილი და სრულიად უაზროა. არც ვარდების რევოლუციის კოპირება მოგვცემს რამეს, შეიცვალა დრო და მოცემულობა. შევარდნაძეს, რომელმაც მაშინ სრულიად უტიფრად მოიპარა არჩევნები ხალხისგან თავის დასაცავად, გაბმული ჰქონდა წვრილი მავთული, რომელიც ადვილად გავწყვიტეთ.

ივანიშვილს კი აშენებული აქვს სიცრუის პროპაგანდის, კოლაბორაციონისტების, სადისტი სპეცრაზმელების და ნიჰილიზმის მასიური მსხვილი კედელი. ამ კედლის დასაძლევად მასთან უბრალო შეკრება უკმაყოფილების გამოსახატად, ვერანაირ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს დიქტატორზე, რომელიც თავს დაცულად გრძნობს, საჭიროა მანქანის აწყობა და მასში ჩაჯდომა და კედლების მაღალ სიჩქარეზე განგრევა.

ეს არ იქნება კომფორტული მარშუტი. მანქანაში ზოგი დაჟეჟილობას მიიღებს, ზოგი ცხვირს მიარტყამს. მანქანას ნაწილები მოძვრება, მაგრამ თუ გაზიდან ფეხს არ ავიღებთ, კედელი მაინც გაინგრევა და გავალთ სამშვიდობოზე. ვიცი რაზე ვსაუბრობ, ასეთი იყო ჩემი მმართველობაც.

თუ გახსოვთ, სულ საწყისში სამოგზაუროდ დავპატიჟე ხალხი. ეს იყო მოგზაურობა ლუზერობის და ნიჰილიზმის, მონობის კედლის გასანგრევად. იმ მგზავრობაში ბევრი დაზიანდა, ბევრი ტრავმირდა, მაგრამ ჩვენ კედელი გავანგრიეთ და ძალიან გავიწიეთ წინ.

ასეა ახლაც, თუ ახლავე არ ავაწყოთ ეს მანქანა კარგი ძრავით და ჯავშნით, კვლავ დავრჩებით წრეზე მოსიარულე კედელთან ხელების მქნეველ დიქტატურისთვის უსაფრთხო, სიმპათიურ ჯგუფად. ვეძებთ რევოლუციური ჯავშანმანქანის ინჟინრებს!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ