თეა წულუკიანი გახარიას გუნდის წევრებს:ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, ხოლო გახარიას წინააღმდეგ განაჩენი უნდა აღსრულდეს, იმიტომ, რომ ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო 29.05.2026 00:29

ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს და გახარიას წინააღმდეგ განაჩენი უნდა აღსრულდეს, იმიტომ, რომ ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო. აქ რომ თითებს გვიქნევთ, ჩამოიყვანეთ, რომ პასუხი აგოს კანონის წინაშე და მერე თავისუფალი ტრიბუნა უფრო დამაჯერებელი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის „საქართველოსთვის" წარმომადგენლების საპასუხოდ განაცხადა.

 

„უბრალოდ ჩვენ, ძალიან ბევრი სხვა პარტიისგან განსხვავებით - და ეს ღუპავს სწორედ იმ „ნაციონალურ მოძრაობას" - რაღაცა განცდა გვაქვს, რომ გააკეთე, გაიწიე, სხვა მოვიდა. მოვიდა ლიკა შარტავა, ფაღავა, მოვიდა გორდულაძე, ახალგაზრდები არიან ესენი, ჩაკვეტაძე, მახაშვილი, ბატონი რურუა. ასე აღმოჩნდა ცხოვრება, დრო მიდის და სხვა უნდა მოვიდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, ახლა წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ აქედან, რომ ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი. იმიტომ, რომ ხელი აიწიეთ აბა, გახარია რამდენჯერ გყავთ ცხოვრებაში ნანახი? ერთი-ორჯერ, ან ათჯერ, ხომ? მე მისი კაბინეტის მინისტრი ვიყავი და არ მომაყოლოთ ახლა აქ რაღაცები, როგორ მართავდა ის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერე როგორი პრემიერი იყო. სად არის საბანაძე? რა საინტერესოა, პოლიციელებზე რომ ლაპარაკობთ საერთოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნანახი გყავთ საერთოდ? აბა, ერთი ჰკითხეთ, რას აპირებდა, როცა მე იუსტიციის მინისტრი ვიყავი და ციხეები მებარა. რას აპირებდა ეგრეთ წოდებულ ზონებში, პენიტენციურ სამსახურში, რას აპირებდა? ბატონი გახარიას ხელდასხმით. ჰკითხეთ, ჩართვები ხომ გაქვთ ბერლინში, თავშესაფარში მყოფ ლიდერთან. დანაშაულს აპირებდა, სანამ მე არ ვუთხარი, რომ სანამ თქვენ ამ დანაშაულს თავისუფლების აღკვეთის ღია დაწესებულებაში ჩაიდენთ, იქ კარებში მე დაგხვდებით-მეთქი, დანარჩენი თვითონ მოგიყვნენ. გამომივიდნენ აქ სპეტაკები. აღიკვეთა დანაშაული ჩადენამდე. ამიტომ არ იყო... გამოძიების დაწყების საფუძვლებზე ვერ წავიკითხავ ახლა ლექციას, დრო გადის. ჰოდა, ნუ სარგებლობთ აქ ზოგიერთების სიჩუმით, ეს ერთი", - განაცხადა წულუკიანმა.

 

თეა წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატები პარლამენტში კანონპროექტების რეალურ ხარვეზებზე არ მუშაობენ. მისივე თქმით, გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოსვლები გამოძიებაში ჩარევას ნიშნავს.

 

„მეორე, გახარიას რაც შეეხება და ნუ ცდილობთ მისგან დისტანცირებას, იმიტომ, რომ თქვენ ხართ გახარიას პარტიის წევრები და საპარლამენტო ფრთა „ნაციონალური მოძრაობის". ჰყავთ ხოლმე პარტიებს შეიარაღებული ფრთა. თქვენ ხართ საპარლამენტო ფრთა „ნაციონალური მოძრაობის", ჩემდა სამწუხაროდ. ჩემდა სამწუხაროდ და ჩვენდა სამწუხაროდ, იმიტომ, რომ საპარლამენტო ძლიერი ოპოზიცია წყალივით სჭირდება „ქართულ ოცნებას". რამდენი კანონპროექტი გამოვიდა, წელიწად-ნახევარია, არ გამიცდენია არცერთი სხდომა, აქ ვზივარ. ჩავხედავ, არის ხარვეზი ხომ, ხარვეზებს მე ვხედავ კანონპროექტებში, რომელიც შემოდის და ვამოწმებ, აბა, რას იზამენ, იტყვიან თუ არა ამ ხარვეზის შესახებ. არცერთ ხარვეზზე, რომელიც მე, ჩემი მოკრძალებული შესაძლებლობებით დამინახავს უმრავლესობის მიერ ან აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტში, არცერთზე ხელი არ აგიწევიათ, იმიტომ, რომ ვერ ხედავთ ან არ ხედავთ და არარსებულ თემებზე მართავთ თავისუფალ ტრიბუნებს. არარსებულია უკვე თემა იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა თქვენ მიერ გამოყენებული და არ ვიცი, ამას რა ეშველება, რეგლამენტშია ცვლილება შესატანი თუ რა, პირდაპირ არის უხეში ჩარევა გამოძიებაში. პირდაპირ ერევით, რაც არის კანონით აკრძალული გამოძიებაში ჩარევა. ხვნეშა არ შველის ამას სამწუხაროდ, ცოტა მეტი წიგნის წაკითხვაა საჭირო, მათ შორის, იურისპრუდენციაში. აქ არ ვართ სტუდენტურ თვითმმართველობაში, ბატონო გიორგი. ცოტა უფრო მეტი ასაკი გაქვთ დღეს და უფრო მეტი სერიოზულობა გმართებთ. ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს. და გახარიას წინააღმდეგ განაჩენი უნდა აღსრულდეს, იმიტომ, რომ ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო და აქ რომ თითებს გვიქნევთ, ჩამოიყვანეთ, რომ პასუხი აგოს კანონის წინაშე და მერე თავისუფალი ტრიბუნა უფრო დამაჯერებელი იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ