მამუკა მდინარაძე - ვიწყებთ ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური საქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯებს, ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამოწვევა შეეხება უკანონო კრიპტომაინინგს მესტიაში 01.06.2026 16:10

საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ პრობლემის გამო ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება კი მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს.

 

„უარესდება მიწოდების ხარისხი ქსელისა და გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო, ხდება ავარიული შემთხვევებიც, რაც, ადგილობრივ მოსახლეობის გარდა, ნეგატიურად ისახება ტურიზმზეც. კიდევ უფრო კონკრეტულად, როგორ გამოიხატება უკანონო მაინინგისა და ელექტრომოხმარების პრობლემა რიცხვებში: ელექტროენერგიის მოხმარებამ მესტიის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 133 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, მაშინ როდესაც მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტის ელექტრომოხმარება, ყველა მონაცემის გათვალისწინებით, სხვა შემთხვევებში არ აღემატება 10 მილიონ კილოვატსაათს. შესაბამისად, ეს ნიშნავს ელექტროსისტემისა და მის ფინანსურ დაზიანებას, მინიმუმ, 20-25 მილიონი ლარით, რომელიც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია დავაკონკრეტოთ: თითოეული აბონენტი ქვეყანაში ყოველი გადახდის დროს კონკრეტულად ამ პრობლემის გამო დამატებით ლარ-ნახევარს იხდის", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა.

 

„აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანია ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრა. ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო თითოეული აბონენტისათვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი. რაც შეეხება გამრიცხველიანებას, ის მოხდება არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ მსხვილი მასშტაბითაც თითოეულ სოფელზე თუ დასახლებულ პუნქტზე, რაც პრობლემის კონკრეტული მიმართულებით იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს.

 

სამართალდამცველებს უკვე დაევალათ ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური რესურსით გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ყველას მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ პროცესს. ნებისმიერ ხელშეშლას და სამართალდარღვევას მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ