შალვა პაპუაშვილი - ხელისგულზე იდო, რომ მესტიაში რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ეს დაადასტურა კიდეც 05.06.2026 14:19

დარწმუნებული ვარ, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იგრძნობს სიკეთეს, რომ დატვირთვა, რომელიც უკანონო საქმიანობით ხდებოდა, აღმოიფხვრება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პაპუაშვილის თქმით, ხელისგულზე იდო, რომ მესტიაში რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ეს დაადასტურა კიდეც.

 

„რიცხვები თქვენც ხომ მოისმინეთ - მესტიის მუნიციპალიტეტში 130 მლნ კვტ.სთ გამოიყენებოდა. ეს მაშინ, როცა მსგავსი სიდიდის და მოსახლეობის, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მსგავსი მუნიციპალიტეტები დაახლოებით 10 მილიონს მოიხმარენ. მოხმარება 13-ჯერ მეტი იყო, რაც უკვე ხელისგულზე იდო, რომ რაღაც უკანონობა ხდებოდა. ეს ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა დაადასტურა კიდეც. გარდა იმისა, რომ უკანონობაა, ეს ყველაფერი ტვირთად აწვებოდა თავად მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, მათი ელექტროენერგიით მომარაგება გართულებული იყო, რაზეც თავადაც საუბრობდნენ. ამ მხრივ, მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავზე მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იგრძნობს სიკეთეს, რომ დატვირთვა, რომელიც უკანონო საქმიანობით ხდებოდა, აღმოიფხვრება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ პირველ ივნისს განაცხადა: „ვიწყებთ ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური საქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯებს, ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამოწვევა შეეხება უკანონო კრიპტომაინინგს მესტიაში".

 

4 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე 148 ე.წ. მაინერი ამოიღო. ამასთან, 5 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ